19 ოქტ 2026
საფრანგეთში მოქმედი ქართული კულტურის კერა „ლაზის“ წარმომადგენლები და მოსწავლეები საქართველოში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვების ფარგლებში ჩამოვიდნენ. ვიზიტისას ასოციაციის წევრებმა აჭარაში კულტურული ღონისძიებები გამართეს.
ასოციაცია ეკა ბოდოკიამ და მისმა მეუღლემ 17 წლის წინ დააფუძნეს. როგორც ეკა ბოდოკიამ გადაცემაში „ახალი დილა“ აღნიშნა, ორგანიზაციის შექმნის მთავარი მიზანი საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის ენისა და კულტურული ფესვების შენარჩუნება იყო.
„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ეს ასოციაცია 17 წლის წინ და ერთადერთი სატკივარი ზუსტად ეს იყო ჩვენი მაშინ, რომ არაფერი არ არსებობდა ქართული. ბავშვებმა არ უნდა დაკარგონ თავისი ფესვები, არ უნდა დაკარგონ თავისი ენა და უნდა შეინარჩუნონ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ საქართველოში, უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს და ეს მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ეკა ბოდოკიამ.
მისი თქმით, ასოციაციაში ბავშვები ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, თეატრს, სიმღერასა და ცეკვას სწავლობენ. „ლაზი“ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში კონცერტებს მართავს და საერთაშორისო გასტროლებშიც მონაწილეობს.
ეკა ბოდოკიას თქმით, ასოციაციის წევრებმა ფრანგი რეპერის მუსიკალურ კლიპშიც მიიღეს მონაწილეობა, რამაც, მისი თქმით, ასოციაციის ცნობადობა გაზარდა.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო ხშირად აცხადებს ასეთ გრანტებს და ვიღებთ მონაწილეობას. უკვე მეორედ მოვიპოვეთ ეს გრანტი, პროექტი დავწერეთ. პირველად ვიყავით თბილისში ორი წლის წინ და ახლა უკვე მოგვიწია ბათუმში. რატომ აჭარა და რატომ ბათუმი? სიმბოლურად გადავწყვიტეთ, რომ ყოფილიყო აჭარა და ყოფილიყო ბათუმი“, - განაცხადა ეკა ბოდოკიამ.
მისივე თქმით, ასოციაციის წევრებს წინ ახალი კონცერტები ელოდებათ, მათ შორის, ამსტერდამში. წლის ბოლოს კი საახალწლო ღონისძიებებში საფრანგეთის ქალაქ ლა-როშელში მიიღებენ მონაწილეობას.