19 ოქტ 2026
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს მომავალ თვეში სამიტის გამართვა შესთავაზა, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.
გამოცემის ცნობით, პუტინს სურს, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებთან უკრაინის კონფლიქტის დასასრულების საკითხები განიხილოს. გამოცემის წყაროების ცნობით, პუტინმა აღნიშნული წინადადება 9 ოქტომბერს ტრამპთან სატელეფონო საუბრისას გააჟღერა. მათივე თქმით, კრემლმა სამმხრივი დიალოგის ჩატარება აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის მომავალი სამიტის ფარგლებში შესთავაზა, რომელიც 18-19 ნოემბერს შენჟენში გაიმართება.
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გამოცემას დაუდასტურა, რომ პოტენციურ შეხვედრაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ჯერ არ არსებობს მკაფიო წარმოდგენა თავად შეხვედრის ან მისი პოტენციური დღის წესრიგის შესახებ, თუმცა სამივე მხარე აღიარებს ასეთი შეხვედრის ჩატარების ჰიპოთეტურ შესაძლებლობას“, – განუცხადა მან „უოლ სთრით ჯორნალს“.
„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, გამოცემამ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება თეთრ სახლში, რუსეთისა და ჩინეთის საელჩოებში სცადა, თუმცა პასუხი არ მიუღია.