19 ოქტ 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 5 პირი დააკავეს, მათ შორის 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 150 გრამი "კოკაინი," 111 აბი და 119 შეკვრად დაფასოებული "მეთადონი."
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.