უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა საფრანგეთში მიმდინარე მოვლენები „უაზრო ნგრევად და გაუმართლებელ ძალადობად“ შეაფასა

18 ოქტ 2026

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა საფრანგეთში მიმდინარე მოვლენები „უაზრო ნგრევად და გაუმართლებელ ძალადობად“ შეაფასა.

ამის შესახებ მადიარმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„საფრანგეთიდან შოკის მომგვრელი ვიდეოები და სურათები მოდის. ბოლო დღეებში ვანდალიზმისა და ძალადობის ესკალაციის ფონზე ისტორიული შენობები განადგურდა, ასობით პოლიციელი დაშავდა და ქვეყანას უზარმაზარი მატერიალური ზიანი მიადგა. ახლა ყველასთვის ნათელია, რატომ უჭერს მხარს უნგრეთი მიგრაციისადმი ყველაზე მკაცრ მიდგომას და რატომ არ შევამცირებთ ჩვენი საზღვრის დაცვას ან იმიგრაციის პოლიტიკას ნებისმიერი ზეწოლით“, – წერს პეტერ მადიარი.

პეტერ მადიარის თქმით, კანონიერი პროტესტი და ვანდალიზმი ერთმანეთისგან განსხვავდება, ევროპას დღეს სერიოზული პრობლემები აქვს და კონტინენტი შესანარჩუნებელია.

„ეჭვი არ უნდა იყოს: მშვიდობიანი და კანონიერი პროტესტი ერთია, ვანდალიზმი და ძალადობა – სულ სხვა. პირველი ფუნდამენტური უფლებაა, მეორე კი – სერიოზული დანაშაული“, – აღნიშნავს უნგრეთის პრემირ-მინისტრი.

ცნობისთვის, საფრანგეთის ქალაქებში ფართომასშტაბიანი აქციები, უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება. აქციის მონაწილეებმა ქალაქ ლიმოჟის მერია დაწვეს. შეტაკებები მოხდა აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის.