17 ოქტ 2026
"ქართული ოცნების" ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა - უმრავლესობის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
"გაიმართება პარტიის პოლიტიკური საბჭოს და ასევე საპარლამენტო უმრავლესობის შეკრება. ორივე შეხვედრას ესწრებოდა და უძღვებოდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამ შეხვედრების მიზანი იყო მიმდინარე საკითხების განხილვა, ორივე ფორმატში, ორივე შეხვედრაზე განხილული იქნა, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მიმდინარე საკითხები.
რა თქმა უნდა, როგორც პოლიტსაბჭოს წევრებისთვის, ისე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან მოესმინათ მისი შეხედულებები, მისი დამოკიდებულება მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. ორივე შეხვედრა წარიმართა დისკუსიის ფორმატში, ძალიან საინტერესოდ. ეს არის ის, რაც განხილული იქნა, როგორც ერთ, ისე მეორე შეხვედრაზე.
რაც შეეხება პარტიის პოლიტიკურ საბჭოს, როგორც მოგეხსენებათ, პარტიის წესდების თანახმად, ჩვენ გვაქვს პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაფართოების საშუალება და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ბატონი ირაკლი კირცხალიას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და ასევე ბატონი ზურაბ პატარაძის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე. ეს არის ის საკითხები, რაც იყო განხილული,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.