16 ოქტ 2026
როგორ მიმდინარეობს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წელს დაგეგმილი პროექტები, როგორია ფერმერების ჩართულობა და რას გეგმავს სამინისტრო საოჯახო მეურნეობის ხელშესაწყობად - აღნიშნულ საკითხებზე, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, დენის სალუქვაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, სამინისტროს მთავარი ამოცანა საოჯახო მეურნეობების გაძლიერება, თანადაფინანსების გაზრდა და ტექნოლოგიური აღჭურვაა, წლის ბოლოს კი უწყება მეჩაიეობის, მეფუტკრეობისა, მევენახეობისა და სხვა მიმართულებით ახალ ინიციატივებს წარადგენს.
"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საოჯახო მეურნეობების ხელშეწყობას, ვინაიდან ჩვენ მცირე მიწიანობა გვაქვს, საოჯახო მეურნეობების გაძლიერება მნიშვნელოვანი კომპონენტია. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ზრდას.
ახალ კულტურებს - ჟოლოს, მოცვის და დაფნის კულტურას, რომელიც განსაკუთრებული მიმართულებაა მემცენარეობის თვალსაზრისით. ასევე, მესაქონლეობაში ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებას, შესაბამისი სტანდარტების დანერგვას და ჩვენი ფერმერების მხარდაჭერას.
ყურადღება დაეთმობა აგრომეწარმეობასაც, რომელიც მნიშვნელოვან დოვლათს ქმნის რეგიონში, ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერას და ადამიანების დასაქმებას.
ტექნოლოგიური აღჭურვაც ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს სოფლის მეურნეობა ფაქტობრივად წარმოადგენს ტექნოლოგიების სფეროს, რომელიც ამარტივებს სამუშაო ძალას, ფერმერის ძალისხმევას, შესაბამისად ამ მიმართულებითაც იგეგმება მხარდაჭერა და სიახლეების დანერგვა.
ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მიმდინარე წელს, დაახლოებით ნოემბრის თვეში, წარვადგინოთ ჩვენი განახლებული ბიუჯეტი, განახლებული პროგრამები, მათ შორის ის სიახლეები, რომელიც ეხება მეჩაიეობას და მეფუტკრეობის მიმართულების მხარდაჭერას, აგრეთვე მეღვინეობის და ზოგადად მევენახეობის მიმართულებითაც გვექნება სიახლეები. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ საკმაოდ საინტერესო პროგრამები იქნება ჩვენი ფერმერებისთვის, ბევრი სიახლე გვექნება და როგორც ყოველთვის, მათი მხრიდან დაინტერესება მზარდი იქნება.
დინამიკა გვიჩვენებს, რომ ფერმერების მხრიდან ჩვენს პროგრამებზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია," - აცხადებს დენის სალუქვაძე.