16 ოქტ 2026
იმ ფონზე, როდესაც გლობალური ვაჭრობის ტენდენციები და მიწოდების ჯაჭვები იცვლება, „შუა დერეფანი“ სულ უფრო მნიშვნელოვან სტრატეგიულ დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის. ახლა ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ამ იმპულსს და უზრუნველვყოთ, რომ მზარდი მოთხოვნა საიმედო, ეფექტიან და კონკურენტუნარიან სატრანსპორტო მომსახურებად გარდაიქმნას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.
ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში გამართულ ახალი აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თამარ იოსელიანმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების პროცესში საერთო პრიორიტეტების განხილვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მან განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს 10-წლიანი სატრანსპორტო განვითარების გეგმაზე გაამახვილა.
„საქართველოსთვის პასუხი ნათელ სტრატეგიულ პრიორიტეტში მდგომარეობს. ჩვენი 10-წლიანი სატრანსპორტო განვითარების გეგმა ითვალისწინებს ინფრასტრუქტურული ინვესტიციების, მოდერნიზაციისა და საოპერაციო გაუმჯობესების ამბიციურ პროგრამას. 2032 წლისთვის საქართველო ახორციელებს დაახლოებით 7 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას სტრატეგიულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, რკინიგზისა და საზღვაო გამტარუნარიანობის გაორმაგების მიზნით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
როგორც თამარ იოსელიანმა განმარტა, ეს ინვესტიციები შექმნილია მთლიანი სატრანსპორტო ქსელის გასაძლიერებლად, რკინიგზის, პორტების, ავტომაგისტრალებისა და ლოგისტიკური ობიექტების უფრო ეფექტიან სისტემაში გასაერთიანებლად.
„ჩვენ უკვე ვხედავთ დამაიმედებელ შედეგებს. 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, საქართველოს საზღვაო პორტებისა და ტერმინალების მიერ დამუშავებული ტვირთის მოცულობა 24%-ით გაიზარდა, ხოლო რკინიგზით გადაზიდვები - 13%-ით (11 მილიონ ტონაზე მეტი). ორივე მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში იანვარ-სექტემბრის პერიოდისთვის საუკეთესო შედეგს წარმოადგენს“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.