იგნაციო კასისი: ჩვენ უნდა შევქმნათ კონსენსუსი, რომელი ქვეყანა უხელმძღვანელებს ორგანიზაციას და მოვნახოთ კანდიდატურა 2028 წლისთვის

16 ოქტ 2026

ჩვენ უნდა შევქმნათ კონსენსუსი, რომელი ქვეყანა უხელმძღვანელებს ორგანიზაციას და მოვნახოთ კანდიდატურა 2028 წლისთვის, - განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ იგნაციო კასისმა, რომელიც საქართველოს სტუმრობს.

მისი თქმით, 57 მონაწილე ქვეყნის იმედი აქვს, რომ დაეხმარებიან, რომ დეკემბრამდე ამ გადაწყვეტილებას მიაგნოს.

„შვეიცარიის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი გახლავთ [ეუთო-ს] თავმჯდომარეობა. ჩვენ უნდა შევქმნათ კონსენსუსი, რომელი ქვეყანა უხელმძღვანელებს ორგანიზაციას და მოვნახოთ კანდიდატურა 2028 წლისთვის. ვუახლოვდებით რა წლის ბოლოს, არის გადაუდებლობის სერიოზული გრძნობა. ღრმად განვიხილეთ ეს საკითხები და შევთანხმდით გავაგრძელოთ კვლევა ყველა შესაძლო გადაწყვეტილებაზე. შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა შევქმნათ მექანიზმი, რომელსაც ამუშავებს ორგანიზაცია, რომ გადაწყვეტილება იყოს მონახული. ჩემი ამოცანაა, გადაწყვეტილების მონახვა ნოემბრის ბოლოს, რომ მინისტრთა კონფერენცია ლუგანოში ამ საკითხს აღარ განიხილავდეს. საბოლოო გადაწყვეტილება რომ იყოს მიღებული, ეს არის უბრალოდ სურვილი, მე გარანტია არ შემიძლია. 57 მონაწილე ქვეყნის იმედი მაქვს, რომ დამეხმარებიან, რომ დეკემბრამდე ამ გადაწყვეტილებას მივაგნო. ასევე მნიშვნელოვანია სტაბილურობისთვის, ორგანიზაციისთვის, რომ მიმდინარეობდეს სამმაგი პროცესი - წარსული, მოქმედი თავმჯდომარე და შემდეგი თავმჯდომარე, ეს იძლევა ორგანიზაციის მომავლის სტაბილურობას და პროგნოზირებადობას“, - აღნიშნა კასისმა.

ეუთოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ ვაჭრობა.

„შვეიცარიაში საქართველოს ექსპორტმა გადააჭარბა 100 მილიონ დოლარს და შვეიცარიის ექსპორტმა 190 მილიონს მიაღწია. ვხედავთ უზარმაზარ პოტენციალს რომ დავაშენოთ არსებულ კავშირებს და კიდევ უფრო დავაახლოოთ ჩვენი ქვეყნები. მეორე ელემენტი გახლავთ ნდობა, რომელიც ცენტრშია ჩვენი ურთიერთობის. ერთ-ერთი კონკრეტული გამოხატულება ამის გახლავთ შვეიცარიის როლი საქართველოს ინტერესების წარმოდგენისა რუსეთის ფედერაციაში. ეს პასუხისმგებლობა ჩვენ 2009 წლიდან ავიღეთ და ასახავს ორ ქვეყანას შორის ნდობას“, - აღნიშნა მან.

კასისმა უსაფრთხოების გამოწვევებზე გაამახვილა ყურადრება და აღნიშნა, რომ კონფრონტაციის რისკი ევროპაში მაღალი რჩება. მისივე თქმით, ეუთოს ღირებულება ისაა, რომ ყველა მხარე ერთ მაგიდასთან ზის და იქმენბა დიალოგის შესაძლებლობა.

,,მინდა შეგახსენოთ, რომ სომხეთიდან ჩამოვედი გუშინ, აგვისტოს მეორე ნახევარში აზერბაიჯანში ვიყავი. ამ რეგიონის წინაშე მყოფი გამოწვევები გახლავთ ჩვენი განხილვის ცენტრალური საკითხი. როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ვიაზრებ იმ სერიოზულ გამოწვევებს რომელიც ევროპის კონტინენტის წინაშე დგას. შეიძლება ითქვას მსოფლიო ამოტრიალდა და უსაფრთხოება აღარ არის ისე უზრუნველყოფილი ისე როგორც წლების წინ. ომი დაბრუნდა ევროპაში, ნდობას ძირი გამოეთხარა და შემდგომი კონფრონტაციის რისკი მაღალი რჩება. მრავალმხრივი გარემო, რომლისაც ორივეს გვწამს, გვაძლევს ტრანსფორმაციის შესაძლებლობას და ეუთოს ღირებულება გახლავთ ის, რომ ყველა მონაწილე ერთი მაგიდის გარშემო ზის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პოზიციები განსხვავებული იყოს. დიალოგი გახლავთ საჭირო ინსტრუმენტი დაძაბულობასთან ბრძოლაში და წინსვლის გზებისთვის. ნამდვილი დიალოგი ხდება, როდესაც ყველა მზადაა ერთმანეთს მოუსმინოს და ეს გახლავთ ძალიან კონკრეტულად გამოხატული საქართველოში. ჩვენ ვიხილავთ ეუთოს როლს და მის წვლილს უსაფრთხოების ყველა განზომილებაში. შვეიცარია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოსთან პარტნიორობას და მომავალში ელის ამ კავშირების გაძლიერებას.

ქალბატონო მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, რამდენიმე კვირის შემდეგ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გელით და მოგესალმებით ისევე თბილად, როგორც თქვენ დღეს მიმიღეთ“, - განაცხადა კასისმა.