კოლხური ხოხბისა და სხვა იშვიათი ფრინველების აღდგენის პროგრამა გრძელდება

16 ოქტ 2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და აჭარის ახალგაზრდული ცენტრის წევრები „ფონდი ქართუს“ გარეული ფრინველების აგროკომპლექსს სასწავლო-საინფორმაციო ვიზიტით ეწვივნენ.

„ფონდი ქართუს“ მხარდაჭერით, აგროკომპლექსში ენდემური სახეობების — კოლხური ხოხბის, გნოლისა და კაკბის — გამრავლება და ველურ ბუნებაში დასაბრუნებლად მომზადება მიმდინარეობს. ინიციატივის მიზანია აღნიშნული სახეობების პოპულაციების ეტაპობრივი აღდგენა, ველური ფაუნის მრავალფეროვნების შენარჩუნება და ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვა.

სასწავლო-საინფორმაციო ვიზიტის მიზანი გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებების ადგილზე გაცნობა, პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება და ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა იყო. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები ფრინველთა მოშენების სრულ ტექნოლოგიურ პროცესს გაეცნენ.

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის, დენის სალუქვაძის განცხადებით, ახალგაზრდების ჩართულობა და მათი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

ცნობისთვის, გარეული ფრინველების აგროკომპლექსი „ფონდი ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, ინიციატივით შეიქმნა. მისი საქმიანობის ძირითადი მიზანია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფრინველების გამრავლება და მათ ბუნებრივ ჰაბიტატებში დაბრუნების ხელშეწყობა.