15 ოქტ 2026
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის არმიის ყოფილი მაიორის, ნიდალ მალიკ ჰასანის სიკვდილით დასჯა დაგეგმილი გრაფიკით აღსრულდება, თუმცა პროცესის დაანონსებული პირდაპირი ტრანსლირება აღარ მოხდება.
მისივე თქმით, ჰასანი ბოროტი ადამიანია, მან 13 ადამიანი მოკლა, მიუხედავად ყველაფრისა, ტრამპი ფიქრობს, რომ სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში ჩვენება ძლიერი სიგნალი იქნებოდა მსოფლიოსთვის იმის დასანახად, თუ როგორ ექცევა ამერიკა ტერორისტებს, თუმცა კეთილსინდისიერ ადამიანებს ურჩევნიათ ამ პროცესს არ უყურონ:
"ნიდალ მალიკ ჰასანი, აშშ-ის არმიის ყოფილი მაიორი, რომელიც მოღალატედ იქცა, ძალიან ცუდი და ბოროტი ადამიანია. მან 13 ადამიანი მოკლა, მათ შორის ორსული სამხედრო, რომელიც თავის შვილთან ერთად დაიღუპა, და უმძიმესად დაჭრა კიდევ 32 უდანაშაულო ადამიანი. ბარაკ ჰუსეინ ობამას გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჰასანსა და რადიკალ იემენელ-ამერიკელ სასულიერო პირს, ანვარ ალ-ავლაკის შორის ელექტრონული მიმოწერა მოიპოვა. როდესაც ეს მასალა FBI-ს ტერორიზმთან ბრძოლის ჯგუფმა შეისწავლა, გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ ჰასანის ელექტრონული წერილები საფრთხეს არ წარმოადგენდა. ობამას ადმინისტრაციის ქმედებების ეს შეფასება მოგვიანებით დაზვერვის უმთავრეს ჩავარდნად იქნა მიჩნეული.
მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში ჩვენება ძლიერი სიგნალი იქნებოდა მსოფლიოსთვის იმის დასანახად, თუ როგორ ექცევა ამერიკა ტერორისტებს და ჰასანისნაირ ნაძირლებს. თუმცა, ბევრ ძალიან კარგ და კეთილსინდისიერ ადამიანს ურჩევნია, არ უყუროს მის სიკვდილს პირდაპირ ეთერში ან რაიმე სხვა ვიზუალური მოწყობილობის საშუალებით. ის მოკვდება, ისე როგორცაა დაგეგმილი, დახვრეტით, მაგრამ ამ პროცესის ტრანსლირება არ მოხდება. ამასთან, სიკვდილით დასჯას, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ პირადად დაესწრონ მსხვერპლთა ოჯახის წევრები. ისინი იმსახურებენ, იხილონ მართლმსაჯულება!" - წერს ტრამპი.