15 ოქტ 2026
მომავალი კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა დაიწყება. ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველი სხდომა 21 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ სივრცეში ჯანსაღი პოლიტიკური ჯგუფები არსებობდნენ. მისივე თქმით, სარჩელის განხილვის პროცესი მნიშვნელოვანია და ქვეყანაში პოლიტიკური რადიკალიზაცია უნდა დასრულდეს.
„საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მალე დაიწყება. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესია. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საქართველოში პოლიტიკური რადიკალიზაცია და რადიკალური ძალების თარეში უნდა დასრულდეს.
როდესაც ამ ძალებზე ვსაუბრობთ, ხშირ შემთხვევაში მათ პოლიტიკურ პარტიებად მოიხსენიებენ. რეალურად, ისინი რადიკალური ძალები არიან, რომლებიც გარედან ფინანსდებიან და მხარდაჭერას იღებენ. მათი ერთადერთი დავალებაა, საქართველოში ეროვნული შუღლი და სიძულვილის ენა გააღვივონ, ხელი შეუწყონ რადიკალურ და აგრესიულ პროცესებს, რომელთა მომსწრენიც არაერთხელ გავხდით თბილისში - მათ შორის, რევოლუციის მცდელობებისა და სამოქალაქო არეულობის სახით“, - განაცხადა გაბუნიამ.