შალვა პაპუაშვილი – ფარისევლობავ, ევროკავშირი უნდა გერქვას შენ, ეს არის ის, რაც შეგვრჩა

15 ოქტ 2026

ჩვენ გვეუბნებოდნენ, საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკური განაცხადები, გულისხმობდნენ რუსეთისთვის სანქციას მაშინ, როდესაც ყველამ კარგად იცოდა, როგორც კი საქართველო რუსეთთან ესკალაციის გზაზე წავა, ამას მოჰყვება საპასუხო ნაბიჯები, საპასუხო ნაბიჯები კი ნიშნავს ამ მიმართულების სრულად ჩაკეტვას, რაც შესაბამის ზიანს მოიტანს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა: გავრცელდა სქემა, როგორ შედიოდა ღვინო 2025 წელს რუსეთში. აღმოჩნდა, რომ პოლონეთი და ლატვია სხვა ქვეყნებისგან ყიდულობდნენ ღვინოს და შემდგომ ექსპორტს ახორციელებდნენ რუსეთში ისე, თითქოს ეს მათი წარმოების ღვინო იყო. ეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთში ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით საქართველოს აკრიტიკებდნენ. ხომ არ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან ორმაგი სტანდარტი და რატომ შეიძლება, მოქცეულიყო ასე პოლონეთი და ლატვია?

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ფარისევლობავ, ევროკავშირი უნდა გერქვას შენ, ეს არის ის, რაც შეგვრჩა.

„აღმოჩნდა, რომ თავად გადამყიდველების როლშიც კი გამოდიან და სხვისი ღვინო გააქვთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც თავად ღვინის წარმოება არ აქვთ. საქართველოს უსწრებდნენ, საქართველოსთან ახლოს არიან და ვხედავთ, რომ არცერთი ქვეყანა არ ერიდება ფულის კეთებას ომის დროს. ზეპირად კი ამბობენ, თითქოს მთლიანად ჩამოშორდნენ რუსულ ბაზარს. ჩვენ ამ ფარისევლობას არც თავიდან ავყოლილვართ. ვამბობდით, რომ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებია, რომ გვქონდეს წვდომა, მათ შორის, რუსულ ბაზარზე, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის სახით. ეს გვაძლევს საშუალებას, ჩვენი ბიზნესის შემოსავლები იყოს მზარდი, ჩვენი ეკონომიკა იყოს მზარდი, გვქონდეს წვდომა იაფ ენერგორესურსებზე, ქვეყანა განვავითაროთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირი ამტკიცებს, თითქოს ჩამოშორდა რუსულ ენერგომატარებლების ბიზნესს, წყაროებს, სინამდვილეში კი 350 მილიარდი ევრო აქვს გადახდილი რუსეთისთვის ომის დროს, იმაზე მეტი ვიდრე უკრაინას აძლევს.

„აღმოჩნდა, ღვინო გააქვთ პირდაპირ ან ფარულად სხვადასხვა ქვეყნების გამოყენებით გადამყიდველების გამოყენებით, კვლავ შეაქვთ რუსეთში. აბა, ჩვენ რაღას გვესარჩლებიან. ეს ყველაფერი აჩვენებს აბსოლუტურ ფარისევლობას ამ ევროკავშირის პოლიტიკისა, რომელიც დიდი ხანია, ჩანს და ერთადერთია, საზოგადოებამაც ეს დიდი ხნის წინ გაიგო, რომ ამას არ უნდა ავყვეთ, ის რაც ჩვენ განცხადებებში და ძალიან მჭექარე გამოსვლებში გვესმის ზოგიერთი ევროპელი ლიდერებისა, ამის უკან დგას ჩვეულებრივი ბიზნესი, რომელსაც ისინი აწარმოებენ რუსეთთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.