ლაქის ხსოვნისთვის შექმნილი „ლაქის სოფელი“ - თავშესაფარი 200-მდე მიუსაფარი ცხოველისთვის

15 ოქტ 2026

გადაცემის „შეხვედრის დროს“ სტუმარი ცხოველთა დამცველი და ბათუმში არსებული თავშესაფრის, „ლაქის სოფლის“ დამფუძნებელი თინა დიასამიძე იყო.

მან ისაუბრა თავშესაფრის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მიუსაფარი ცხოველების მოვლის მნიშვნელობასა და იმ მძიმე ისტორიებზე, რომლებიც ხშირად მიტოვებული ცხოველების უკან დგას.

თინა დიასამიძის თქმით, ცხოველებზე ზრუნვა პანდემიის პერიოდში დაიწყო, როდესაც ქუჩაში მშიერი და ტრავმირებული ძაღლები იპოვა. თავშესაფრის შექმნის იდეა კი საკუთარი ლეკვის, ლაქის, დაკარგვას უკავშირდება.

„ჩემი თავგადასავალი პანდემიის დროს დაიწყო. ქუჩაში რამდენიმე ძაღლი ვიპოვე, რომლებიც მშივრები და ტრავმირებულები იყვნენ. გადავწყვიტე, დავხმარებოდი და თავშესაფრის შექმნის იდეაც მაშინ გამიჩნდა.

ამის მთავარი მიზეზი ჩემი პატარა ლეკვის, ლაქის, ხსოვნა იყო. ის დამეღუპა და მისი გადარჩენა ვერ შევძელი. ახლა კი ვცდილობ, გადავარჩინო უპატრონოდ დარჩენილი ძაღლები და კატები.

თავშესაფრის სახელწოდებაც სწორედ ლაქის უკავშირდება - „ლაქის სოფელი“. თავდაპირველად 20 ცხოველი მყავდა, ახლა კი თავშესაფარში დაახლოებით 200 ძაღლსა და კატაზე ვზრუნავთ“, - აღნიშნა თინა დიასამიძემ.

მისი თქმით, თავშესაფარში მყოფ თითოეულ ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს, თუმცა მათ უმრავლესობას ერთი მტკივნეული გამოცდილება აერთიანებს - ისინი პატრონებმა მიატოვეს.

„მინდა, ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ ძაღლები და კატები უბრალო ნივთები არ არიან. მათაც აქვთ ემოციები - უხარიათ, სწყინთ, განიცდიან და გრძნობენ.

თუ დრო და შესაძლებლობა არ გაქვთ, რომ ცხოველს სათანადოდ მოუაროთ, ნუ აიყვანთ მას მხოლოდ მოსაფერებლად და გასართობად. ლეკვი ეჩვევა სითბოსა და ზრუნვას, ქუჩაში აღმოჩენის შემდეგ კი ხშირად საკვების მოპოვებაც უჭირს და გადარჩენისთვის ბრძოლა უწევს“, - განაცხადა თინა დიასამიძემ.

თავშესაფარში ორი დონორი ძაღლიც ჰყავთ, რომლებიც სისხლის დონაციით სხვა ძაღლებს ეხმარებიან. თინა დიასამიძის ინფორმაციით, მათი დახმარებით უკვე ათი ძაღლის სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი.

თავშესაფრის შენარჩუნება მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვს. როგორც დამფუძნებელი აღნიშნავს, დაახლოებით 200 ძაღლისა და კატის მოვლა თვეში საშუალოდ 5 000 ლარი ჯდება. ხარჯების დაფარვას კი ძირითადად საკუთარი სახსრებით ცდილობს.

თინა დიასამიძის აზრით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ქალაქში რამდენიმე მცირე ზომის თავშესაფრის შექმნა, რათა ქუჩაში უპატრონოდ დარჩენილი ცხოველების რაოდენობა შემცირდეს.