15 ოქტ 2026
სტამბოლში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, წყლის ნაკადმა ავტომობილები წაიღო, მუშები კი ღამით სტიქიის ზონაში ჩარჩნენ. ხელისუფლებამ 15 ოქტომბერს სკოლებში სასწავლო პროცესი შეაჩერა და მოსახლეობა ძლიერი წვიმის გაგრძელების საფრთხის შესახებ გააფრთხილა.
გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, ფათიჰის რაიონში 14 წლის მოზარდი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ჩუკურბოსტანის პარკში გუბეში ფეხი ჩადგა და დენმა დაარტყა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
კიდევ ერთი ადამიანი, 34 წლის, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის სარიერის რაიონის აიაზაღას უბანში დატბორილ ქუჩაში დაეცა და თავი ბორდიურს დაარტყა.
წყალდიდობის ნაკადმა გაიტაცა გაჩერებული ავტომობილები, მუნიციპალური ავტობუსი კი გზაზე გაიჭედა. რამდენიმე რაიონში საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები დაიტბორა. სამაშველო ჯგუფები ასევე მუშაობდნენ სარიერის რაიონში მდებარე შიშლის ჰამიდიე ეტფალის საავადმყოფოდან წყლის ამოსატუმბად.
ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სტამბოლის აეროპორტის მიმართულებით მიმავალი 43 ავიარეისი თურქეთისა და საზღვარგარეთის სხვა აეროპორტებში გადამისამართდა. საბიჰა გიოქჩენის აეროპორტის მიმართულებით მიმავალი სამი რეისი ანკარაში გადამისამართდა.
მუნიციპალიტეტის კატასტროფების კოორდინაციის ცენტრის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ წვიმა გაგრძელდება.