თენგიზ შარმანაშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოში მიტინგის ჩასატარებლად არ მივდივართ, მივდივართ სამართლებრივი არგუმენტებით, ოპონენტებსაც ვურჩევ, სამართლებრივი არგუმენტებით დაგვხვდნენ

15 ოქტ 2026

მომავალი კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა იწყება. სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს არის ჩანიშნული. სასამართლო პროცესების დაწყებამდე საკითხზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ როდესაც პოლიტიკური პარტიები კონსტიტუციურ ჩარჩოებს სცდებიან, მათი საქმიანობის შეზღუდვა ლეგიტიმურია და შეესაბამება როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს, ისე საქართველოს კანონმდებლობას.

„ეს არის კონსტიტუციური პროცედურა. ჩვენ ამ ინიციატივაზე არჩევნებამდე ვისაუბრეთ. წინასაარჩევნო პროცესის ერთ-ერთი სლოგანი იყო, რომ აუცილებლად გამოვიყენებდით ამ კონსტიტუციურ პროცედურას და შევეცდებოდით, დაგვემტკიცებინა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ეს ორგანიზაციები არაკონსტიტუციური ორგანიზაციებია. ამის შემდეგ ქართველმა ხალხმა, 1 200 000-მა კაცმა მოგვცა ხმა. ანუ, მათ იცოდნენ, რის გაკეთებას ვაპირებდით და 1 200 000-მა კაცმა გვითხრა: წადით, გააკეთეთ, და ვაკეთებთ“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

პარტია „ლელო - ძლიერი საქართველო“ კი აცხადებს, რომ სარჩელი აბსურდულია და მზად არის, წარდგენილ ბრალდებებს სამართლებრივი არგუმენტებით უპასუხოს.