15 ოქტ 2026
აჭარის სატყეო სამმართველო ტყის აღდგენის, დაცვისა და სატყეო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მუშაობას აგრძელებს. ზამთრის სეზონისთვის მოსახლეობისთვის სოციალურად გასაცემად ტყეკაფებში 65 000 კუბურ მეტრამდე ხე-ტყეა გამოყოფილი. მიმდინარე პროექტებისა და ზამთრისთვის მზადების შესახებ აჭარის სატყეო სამმართველოს უფროსმა ელდარ ცინცაძემ გადაცემა „ახალ დილაში“ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ტყის ინვენტარიზაცია 150 000 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოიცავს და 2026 წელს უნდა დასრულდეს. მიღებული მონაცემების საფუძველზე ტყის მართვის ათწლიანი გეგმა მომზადდება.
„ბუნებრივი განახლების ფარგლებში შესაბამისი სამუშაოები 1 360 ჰექტარზე განხორციელდა, ხოლო მიმდინარე წელს ქობულეთის სატყეო ტერიტორიაზე დამატებით 30 ჰექტარზეა დაგეგმილი სამუშაოები. აჭარის ტყეებს მნიშვნელოვანი დაცვითი ფუნქცია აქვს და ეროზიული პროცესების შეკავებასაც უწყობს ხელს. აჭარის სატყეო სააგენტოს ფართობი 150 000 ჰექტარზე მეტია. ამ ტერიტორიების ინვენტარიზაცია მიმდინარეობს და 2026 წლისთვის უნდა დასრულდეს. შედეგად, გვექნება სატყეო სექტორის მართვის ათწლიანი გეგმა, რომელიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს სატყეო საქმიანობას“, - განაცხადა ელდარ ცინცაძემ.
სამმართველო სატყეო გზების განვითარებასა და ტყეში გადაადგილებისა და უსაფრთხოების წესების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაზეც მუშაობს.
„ყოველწლიურად გეგმაში გვაქვს 25 კილომეტრი ახალი სატყეო გზის მშენებლობა და არსებული გზების 100 კილომეტრის რეაბილიტაცია. დღემდე მოწყობილი გვაქვს 400 კილომეტრზე მეტი ახალი სატყეო გზა და რეაბილიტირებულია 2 000 კილომეტრზე მეტი გზა. ასევე, სატყეო ტერიტორიებზე განთავსდა ათეულობით სპეციალური ბანერი, რომლებზეც ტყეში ქცევისა და სახანძრო უსაფრთხოების წესებია მოცემული. წლის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა საგანმანათლებლო შეხვედრები. მოსახლეობას, ბავშვებსა და სკოლებს საინფორმაციო ბუკლეტებსაც ვურიგებთ“, - განაცხადა ელდარ ცინცაძემ.
მისივე განცხადებით, ტყის მონიტორინგის გასაძლიერებლად სააგენტომ თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, მათ შორის სამეთვალყურეო კამერები, ფოტოხაფანგები და დრონი შეიძინა. ფოტოხაფანგების კალიბრაცია ამ ეტაპზე მიმდინარეობს. სააგენტოს მონიტორინგის სამსახური 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
„ძალიან დიდი თხოვნა მექნებოდა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ხელსაყრელი ამინდები და ხე-ტყის დამზადება დროულად დავიწყოთ, რათა ზამთარში რაიმე შეფერხება არ გვქონდეს. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, თავი შეიკავონ უკანონო ტყითსარგებლობისგან, რაც გულისხმობს როგორც უკანონო ჭრას, ასევე უკანონო მშენებლობებს. ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სატყეო სააგენტოსა და შესაბამისი უწყებების მხრიდან შესაბამისი რეაგირება განხორციელდება“, - განაცხადა ელდარ ცინცაძემ.