ჰესებისა და წყალსაცავების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის ახალი რეგულაცია მზადდება

14 ოქტ 2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა, გენადი არველაძემ და ინგა ფხალაძემ, საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებს ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის პროექტი გააცნეს.

დოკუმენტის მიზანია ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხო ფუნქციონირების მონიტორინგის სისტემის დანერგვა და იმ მოთხოვნების განსაზღვრა, რომლებსაც ჰიდროტექნიკური ნაგებობები, მათ შორის კაშხლები და წყალსაცავები, უნდა აკმაყოფილებდეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალი რეგულაციის ამოქმედება უზრუნველყოფს აღნიშნული ობიექტების უსაფრთხო ფუნქციონირებასა და მართვას, რაც უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე გარემოს დაცვას.

რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ჰესების ექსპლუატაციაზე ზედამხედველობას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო განახორციელებს.

დოკუმენტი სამინისტრომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, საერთაშორისო ექსპერტების, საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლების ჩართულობით მოამზადა.