ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 21 ოქტომბრიდან დაიწყება

14 ოქტ 2026

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყება. სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოში 21, 22 და 23 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს. მოსამართლეთა შორის არ იქნება მანანა კობახიძე, რომელსაც მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.

მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მანანა კობახიძის შუამდგომლობა, რომლითაც იგი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვის პროცესიდან თვითგანრიდებას ითხოვდა.

დასაბუთებული უარის მიღების შემდეგ მანანა კობახიძემ პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა. მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.