14 ოქტ 2026
სვეტიცხოვლობა კი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი, განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ ამ დიდებულ დღესასწაულს ვზეიმობთ წელს, როდესაც საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა.
მისი თქმით, ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ ჩვენი ისტორია და სულიერი არჩევანი განუყოფელია.
„ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ სვეტიცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მცხეთაში, ჩვენს უმთავრეს სულიერ დედაქალაქში, იმ უძველეს მიწაზე, სადაც საუკუნეების წინ წმინდა ნინოს ქადაგებით, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის მეოხებით ქრისტიანული რწმენის ურყევი საძირკველი ჩაიყარა. სწორედ აქ განისვენებს სხვა სიწმინდეებთან ერთად ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდე მაცხოვრის კვართი. სვეტიცხოველი ცისა და მიწის შემაერთებელი სვეტი, ჩვენი დედა ეკლესიის მთავარი ტაძარი, ჩვენი ეროვნული იდენტობის, გადარჩენისა და მარადიულობის უმთავრესი სიმბოლოა. სვეტიცხოვლობა კი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ ამ დიდებულ დღესასწაულს ვზეიმობთ წელს, როდესაც საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს აღნიშნავს, ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ ჩვენი ისტორია და სულიერი არჩევანი განუყოფელია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშეა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულიერ საწყისების გაფრთხილება.
„დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ჩვენს სულიერ საწყისებსა და სიღრმისეულად გავითავისოთ ისინი. ჩვენ გვჭირდება ერთსულოვნება, მშვიდობიანი თანაარსებობა და საერთო ძალისხმევა იმისათვის, რათა ჩვენს სახელმწიფოში კიდევ უფრო განვამტკიცოთ ქრისტიანული ღირებულებები. ბოლოს მსურს, თითოეულ თქვენგანს, ჩვენს თანამემამულეებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ სვეტიცხოვლობის დიდებული დღესასწაული. ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – განაცხადა ყაველაშვილმა.