დიანა თალაკვაძის ნამუშევრები პარიზში - ქართველი მხატვარი საერთაშორისო გამოფენაზე მიიღებს მონაწილეობას

14 ოქტ 2026

ქართველი მხატვარი დიანა თალაკვაძე 23-25 ოქტომბერს პარიზში, თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაში „არტ შოპინგი“ მიიღებს მონაწილეობას. ლუვრის კარუსელის საგამოფენო სივრცეში მისი სამი ნამუშევარი - ერთი პორტრეტი და ორი აბსტრაქტული კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.

როგორც მხატვარმა გადაცემა „ახალ დილაში“ განაცხადა, პარიზში გამოფენაში მონაწილეობა მისთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა. ის საფრანგეთის დედაქალაქს შვიდი წლის შემდეგ კვლავ ეწვევა.

„ნამდვილად, ეს არის ძალიან დიდი პატივი და ისეთი აღელვებული ვარ ამ მოლოდინით, რომ ისევ შევხვდები ამ ქალაქს. მე ვიყავი 7 წლის წინ, მაშინაც ეს იყო გასვლითი გამოფენა, ოთხი ბათუმელი მხატვარი ვიყავით, კერძო გალერეაში იყო გამოფენა და საოცარი შთაბეჭდილებებით ჩამოვედი“, - აღნიშნა დიანა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა ხელოვანს საშუალებას აძლევს, გაეცნოს სხვა ქვეყნების კოლეგებს, მოისმინოს მათი შეფასებები და თავადაც დაათვალიეროს წარმოდგენილი ნამუშევრები.

„ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, რომ იქ გავიცნობ კოლეგებს, გავიგებ მათ აზრს. ძალიან მნიშვნელოვანია მხატვრისთვის, როგორ მიიღებენ მის ნამუშევრებს სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, რა ემოციას დატოვებს მათში ეს ნამუშევრები“, - განაცხადა მხატვარმა.

პროექტი „ქართველი მხატვარი ქალები პარიზში“ აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აჭარის მუზეუმის ორგანიზებით ხორციელდება. გამოფენაში სულ 9 ქართველი ქალი მხატვარი მიიღებს მონაწილეობას.