14 ოქტ 2026
23-25 ოქტომბერს პარიზში, ლუვრის კარუსელის საგამოფენო სივრცეში, თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „არტ შოპინგი“ გაიმართება, რომელშიც 9 ქართველი ქალი მხატვარი მიიღებს მონაწილეობას.
როგორც სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორმა, თეონა ზოიძემ, გადაცემა „ახალ დილაში“ სტუმრობისას აღნიშნა, პროექტი ქართველი ქალი მხატვრების პოპულარიზაციას, გაძლიერებასა და მათ ინსტიტუციურ მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
„ქალებს სჭირდებათ განსაკუთრებული გაძლიერება, იქიდან გამომდინარე, რომ ხელოვან ქალს მხოლოდ ერთი დანიშნულება არ აქვს. ჩვენს საზოგადოებაში ხშირად ვხედავთ სტერეოტიპებს, რომელთა მიხედვითაც ქალი ერთდროულად დედაც არის, მეოჯახეც, პროფესიონალიც - ყველაფერი აბსოლუტურად… ქალის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ინსტიტუციური მხარდაჭერა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის და არა მხოლოდ მათთვის - მთელი საქართველოს მასშტაბით იმ ქალებისთვის, რომლებიც ხელოვნებით არიან დაკავებული და განსაკუთრებით - მხატვრობით. ლუვრის კარუსელი ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება და ქართველი მხატვრები ფართო საზოგადოებას წარვუდგინოთ და გავაცნოთ“, - აღნიშნა თეონა ზოიძემ.
მისივე განცხადებით, პროექტის მიზანია, საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა უფრო მეტ ხელოვანს მიეცეს. აჭარის მუზეუმი მომავალშიც გეგმავს მსგავსი ინიციატივების განხორციელებას.
„ხშირად მხატვრებისგან მსმენია, რომ ჯერ არ არიან მზად გამოფენისთვის. მე ვფიქრობ, პირველ რიგში, უნდა გაბედონ და ჩვენამდე მოიტანონ ყველაფერი, რასაც ქმნიან. აჭარის მუზეუმის კარი ფართოდ ღიაა საზოგადოებისთვის. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც გულისხმიერებით არ ვეკიდებით და რომლის შემოთავაზებასაც დეტალურად არ განვიხილავთ“, - აღნიშნა მუზეუმის დირექტორმა.
პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აჭარის მუზეუმის ორგანიზებით ხორციელდება. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ნინო ჩაკვეტაძე, ეკატერინე მუხაძე, ქეთი ბათიაშვილი, ლია შველიძე, ირინა ტორონჯაძე, ეკატერინე ცინცაძე, თამთა დარჩია, მაია გერსამია და დიანა თალაკვაძე.