საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები ბერლინისა და ვარშავის 300-მდე ლოკაციაზე განთავსდა

14 ოქტ 2026

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ბერლინისა და ვარშავის მთავარ ქუჩებსა და მოედნებზე, 300-მდე ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველი გარე სარეკლამო ბანერები განთავსდა.

გერმანიისა და პოლონეთის დედაქალაქებში განთავსებულ სარეკლამო ბანერებზე საქართველოს სამთო კურორტები, მრავალფეროვანი ბუნება და კულტურული მემკვიდრეობაა წარმოდგენილი.

ევროპის სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, გარე რეკლამასთან ერთად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთსა და გერმანიაში ტურისტული როუდშოუების სერია გამართა.

საპრეზენტაციო ღონისძიებები და B2B ფორმატის შეხვედრები ოთხ ქალაქში - ვარშავაში, ბერლინში, მიუნხენსა და ფრანკფურტში ჩატარდა.

ოთხივე ქალაქში გამართულ როუდშოუებსა და ბიზნესშეხვედრებში ჯამში 150-მდე გერმანულმა და პოლონურმა ტურისტულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებს საქართველოს მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალი და ტურისტული პროდუქტები გააცნეს, B2B შეხვედრებზე კი ქართველმა ტუროპერატორებმა და სასტუმროების წარმომადგენლებმა პოლონელ და გერმანელ კოლეგებთან პირდაპირი საქმიანი კავშირები დაამყარეს.

გერმანიასა და პოლონეთში მიმდინარე მარკეტინგული აქტივობები მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, ცნობადობის ზრდასა და ევროპის ბაზრიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას.

ფოტო გალერეა