ბათუმში, ბესიკის ქუჩის N81-ში მცხოვრებლები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ

13 ოქტ 2026

ბათუმში, ბესიკის ქუჩის N81-ში მცხოვრებლები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. ადგილობრივების განცხადებით, 1 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე 26-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რის შედეგადაც მომიჯნავე სახლები და ეზოები დაზიანდა.

მოსახლეობა ბათუმის მერიას მიმართავს და ითხოვს, შემოწმდეს, რამდენად უსაფრთხოა აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები მიმდებარე საცხოვრებელი სახლებისთვის.

ადგილობრივების პროტესტს ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ლელო - საქართველოსთვის“ წევრი ვაჟა დარჩია შეუერთდა. მისი განცხადებით, პროექტი პროგრამის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ფარგლებში მიმდინარეობს, თუმცა მშენებლობა თავად უქმნის ავარიულობის საფრთხეს მომიჯნავე ნაგებობებს, რაზეც პასუხისმგებლობა ბათუმის მერიას ეკისრება.