13 ოქტ 2026
გერმანიის ბუნდესვერის მე-3 სამედიცინო პოლკის დელეგაცია, პოლკოვნიკ ჰენდრიკ პლოსის ხელმძღვანელობით, სამდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს თავდაცვის ძალების დანაყოფებს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, ვიზიტი ერთობლივი ყოველწლიური პროგრამის ფარგლებში, საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე გაიმართა.
„ვიზიტის ძირითადი მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობის - Role 2 Forward (Role 2F) გაცნობა იყო. Role 2F სამედიცინო პუნქტი საველე პირობებში უზრუნველყოფს დაჭრილთა და დაშავებულთა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, მათ შორის ქირურგიულ ჩარევასა და პაციენტების სტაბილიზაციას შემდგომ სამედიცინო ევაკუაციამდე.
დელეგაციის წევრები გაეცნენ შესაბამის სამედიცინო და ქირურგიულ პროცედურებს და დაესწრნენ პრაქტიკული შესაძლებლობების დემონსტრირებას. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სამხედრო-სამედიცინო დანაყოფებში დაგროვილი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა.
აღსანიშნავია, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მოქმედ სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივას გერმანია ხელმძღვანელობს. ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების შემდგომ განვითარებასა და შესაბამისი სამედიცინო პუნქტების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის უზრუნველყოფას“, - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.