მთავრობის ახალი პროგრამით დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართის ნაცვლად, ოჯახის თითოეულ წევრზე 10 ათასი ლარის კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ

13 ოქტ 2026

მთავრობის ახალი პროგრამის ფარგლებში, დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართის მიღების ნაცვლად, ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

პროგრამით სარგებლობას შეძლებენ ის დევნილი ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოსგან წარსულში საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღიათ.

კომპენსაციები განაცხადების წარდგენის რიგითობის მიხედვით გაიცემა. განაცხადების მიღება უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლებში დაიწყება. განაცხადების წარდგენის ვადებისა და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია დამატებით გავრცელდება.

პროგრამის განსახორციელებლად მიმდინარე წელს 58 მილიონი ლარი გამოიყოფა. მისი მიზანია დევნილთა განსახლების პროცესის დაჩქარება და ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა.

პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება. ის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისა და „სოფლად სახლის“ პროგრამის პარალელურად განხორციელდება.