13 ოქტ 2026
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ისტორიკოსმა ჯემალ კარალიძემ გადაცემა „ახალ დილაში“ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ვერ გავექცევით, ცხადია, იმ ფაქტს და უნდა შევნიშნოთ, რომ, რა თქმა უნდა, IV საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება გარკვეულწილად დაკავშირებული იყო საერთაშორისო მოვლენებთან, საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებთან და იმ სირთულეებთან, რომელთა წინაშეც საქართველო იდგა. საქართველოს უნდა გაეკეთებინა არჩევანი გაძლიერებულ სასანიდურ ირანს, რომელიც ზოროასტრიზმითა და მაზდეანობით მოდიოდა და კავკასიის დამორჩილებას ცდილობდა, და ევროპულ, დასავლურ, ქრისტიანულ სამყაროსთან მჭიდრო - არა მხოლოდ რელიგიური, არამედ პოლიტიკური - ურთიერთობის სასარგებლოდ. ბუნებრივია, ქართველმა ერმა ეს არჩევანი გააკეთა“, - აღნიშნა ჯემალ კარალიძემ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქრისტიანული საქართველოს 1700 წელი“ იმართება. კონფერენცია საქართველოს მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება.