13 ოქტ 2026
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ჯემალ კარალიძემ გადაცემა „ახალ დილაში“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ქრისტიანული საქართველოს 1700 წელი“ მიზნებსა და საქართველოს ქრისტიანული წარსულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ჩვენი მიზანია, ეს მდიდარი ქრისტიანული წარსული გავაცნოთ ახალგაზრდა თაობას, რადგან გლობალიზაციის პირობებში ეროვნული იდენტობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, გვინდა, ჩვენი ქვეყნის ისტორია და კულტურა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასაც უკეთ გავაცნოთ. კონფერენციაში მონაწილეობენ მკვლევრები საქართველოდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან. წარმოდგენილია სხვადასხვა ნაშრომი, რომლებიც ქრისტიანობასა და ეკლესიის ისტორიას, სახელმწიფოსთან მის ურთიერთობას შეეხება“, - აღნიშნა ჯემალ კარალიძემ.
მისი თქმით, არქეოლოგიური აღმოჩენები საქართველოში ქრისტიანობის ადრეულ პერიოდშიც არსებობაზე მიუთითებს. კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება და საქართველოს მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება.