დეკანოზი ილია ხინიკაძე: ქრისტესთვის ერთგულებასთან დაკავშირებული ღვაწლის დავიწყება შეუძლებელია

13 ოქტ 2026

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის დეკანოზმა ილია ხინიკაძემ გადაცემა „ახალ დილაში“ ქრისტიანული საქართველოს 1700-წლიანი ისტორიის მნიშვნელობასა და ქრისტიანობისთვის თავდადებული ადამიანების ღვაწლზე ისაუბრა.

„ამ 1700-მა წელმა ჩვენ უნდა დაგვანახოს, თუ რა გზა გაიარა საქართველომ, სადამდე მოვიდა. ამის უკან დგას უამრავი თავდადებული ადამიანი. აჭარაში წამებული დედები, მამები, ლაზი მოწამეები, ეკლესიისთვის თავდადებული შვილები, გადასახლებული მეფეები, კათოლიკოს-პატრიარქები. ეს ყველაფერი ქრისტიანობას და ქრისტესთვის ერთგულებას უკავშირდება. ამიტომ ამის დავიწყება შეუძლებელია“, - აღნიშნა დეკანოზმა ილია ხინიკაძემ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქრისტიანული საქართველოს 1700 წელი“ ტარდება. კონფერენცია საქართველოს მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება.