12 ოქტ 2026
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტს მხარი დაუჭირა. მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააცნო.
მისი განცხადებით, რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის 5.0%-ს შეადგენს, ხოლო 2028-2030 წლებში 5.2-5.3%-ის ფარგლებში იქნება. როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, 2027 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 37 მილიარდ 562 მილიონი ლარის ოდენობით არის დაგეგმილი. მისი თქმით, ყველაზე მეტად იზრდება ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები - 830 მილიონი ლარით, განათლების ხარჯები გაზრდილია 400 მილიონი ლარით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება - 90 მილიონი ლარით და სპორტული ფედერაციების დაფინანსება - 50 მილიონი ლარით.
პროექტის თანახმად, მომდევნო წლიდან იზრდება პენსიები და საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაც. მოხსენების შემდეგ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.