ირაკლი კობახიძე: ჩვენი სამართალდამცველები ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ, საერთოდ არავინ იღებს ხმას იმ ქმედებებზე, რომლებსაც ევროპის მასშტაბით ვხედავთ, ეს არის ორმაგი სტანდარტი

12 ოქტ 2026

პრემიერ-მინისტრი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ორმაგი სტანდარტია, როცა ევროკავშირი ქართველ სამართალდამცველებს ასანქცირებს, ევროპელი სამართალდამცველების გადაცდომებზე კი რეაქცია არ აქვთ.

''ჩვენ მანამდეც გვქონდა არაერთი მაგალითი, რაოდენ ბრუტალურ ძალას იყენებდნენ როგორც ევროპელი, ისე ამერიკელი სამართალდამცველები მომიტინგეების წინააღმდეგ, თან ხშირად მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჩვენს შემთხვევაში, გახსოვთ, რა მასშტაბის ძალადობას ჰქონდა ადგილი, და კიდევ ერთხელ ვამბობ, მაშინ იყო ინციდენტები, სერიოზული გადაცდომები, მათ შორის, დანაშაულის ნიშნების შემცველი გადაცდომები, თუმცა, სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით.

რაც შეეხება ორმაგ სტანდარტებს, ამას მიჩვეული ვართ, საერთოდ ხმას არ იღებს არავინ იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ვხედავთ პრაქტიკულად მთელი ევროპის მასშტაბით, მაშინ როდესაც თავის დროზე სანქციებიც კი აამოქმედეს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობრივი მიტინგების მიმართ გამოვლენილი ქმედებების გამო'' - აღნიშნა პრემიერმა.