12 ოქტ 2026
საქართველოს პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე სამ მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა.
„იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N6 დაწესებულების, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანში მოთავსებულმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულმა ბ.ჭ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საკანთან შემოწმების მიზნით მისულ დაწესებულების დირექტორის მოადგილეს. ასევე, 4 ოქტომბერს N6 პენიტენციური დაწესებულებაში, სასეირნო სივრციდან დაბრუნებისას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ჯ. ჯ. და მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ვ. თ. თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს.
მსჯავრდებულ ბ.ჭ.-ს, რომელმაც წარსულშიც იძალადა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელზე, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა არაერთგზის) წარედგინა, ხოლო მსჯავრდებულებს ჯ.ჯ.-ს და ვ.თ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრებული პირის მიერ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.