12 ოქტ 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ვიეტნამს შორის ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს შეეხო.
ხაზი გაესვა ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. აღინიშნა, რომ ამ პროცესში ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
გამოითქვა მზადყოფნა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მიმართულებით. ხაზი გაესვა ბოლო წლებში საქართველოსა და ვიეტნამს შორის სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას და ტურიზმის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ მაჩვენებლებს.
ყურადღება დაეთმო საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას და შუა დერეფნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის როლს, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოსა და ვიეტნამს შორის კავშირების გასაძლიერებლად.
პრემიერ-მინისტრმა ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.