საქართველოში დედის რძის პირველი ბანკის პროგრამა აჭარაში უკვე ოთხი თვეა მოქმედებს

12 ოქტ 2026

საქართველოში დედის რძის პირველი ბანკის პროგრამა აჭარაში უკვე ოთხი თვეა მოქმედებს. პროგრამის პირველ ეტაპზე დონორი დედის რძით 80 მაღალი რისკის ახალშობილის უზრუნველყოფაა გათვალისწინებული. ბანკის განვითარებისთვის კი მნიშვნელოვანია მეძუძური დედების ჩართულობა.

დედის რძის ბანკი სპეციალიზებული სერვისია, სადაც დონორების მიერ გაღებული რძე სპეციალური პროცედურების დაცვით მიიღება, მოწმდება და მუშავდება, რის შემდეგაც სამედიცინო საჭიროების მქონე ახალშობილებს მიეწოდება.

დონორობა ნებაყოფლობითია. რძის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დონორი დედები შესაბამის შემოწმებას გადიან. დონორი დედის რძის საჭიროებას კი ახალშობილის მკურნალი სამედიცინო გუნდი განსაზღვრავს.

რძე ვაუჩერის საშუალებით, ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების შეკვეთის საფუძველზე გაიცემა.

მაღალი რისკის ახალშობილთა დონორი დედის რძით უზრუნველყოფის პროგრამას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს, სერვისის მიმწოდებელი კი იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალია.