12 ოქტ 2026
დევნილთა მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ახალი ინსტრუმენტი დაემატება ჩვენს შესაძლებლობებს და ვფიქრობ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად ძალიან სწრაფ ტემპს შესძენს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას, რომელსაც ახორციელებს სააგენტო, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრმა მთავრობის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც დევნილ ოჯახებს ფულადი კომპენსაციის მიღების საშუალებას სთავაზობს.
სიახლე განკუთვნილია იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომელთაც წარსულში არ მიუღიათ საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია. მათ ექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფოსგან ოჯახის ერთ წევრზე 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღონ.
„დაწყებულია მუშაობა და უახლოეს დღეებში რეალურად გვექნება შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ განაცხადების მიღებაც და შესაბამისად, რეაგირებაც, რაც შეიძლება სწრაფი ტემპით. ამ დროში, ამ წლის დარჩენილპერიოდშია გათვალისწინებული 58 მილიონი და ეს მართლაც ძალიან სწრაფი ტემპით უამრავი ოჯახის არსებული პრობლემის გადაჭრის რეალური და ქმედითი მექანიზმი გახლავთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
აღსანიშნავია, რომ ფულადი კომპენსაციების გაცემის პარალელურად გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ფულადი კომპენსაციის მიღებაზე არ შეიტანენ განაცხადს.