ირაკლი კობახიძე: 4 ოქტომბერს მძიმე დანაშაული ჩაიდინეს ამ ადამიანებმა, სცადეს ხელისუფლების დამხობა, თუმცა, მზად ვართ, სინანულისა და აღიარების შემთხვევაში, ვაპატიოთ ეს დანაშაული და გავათავისუფლოთ

12 ოქტ 2026

დამხობის აქციაზე მივიდა, დაახლოებით, 3 000-4 000 ადამიანი, თუმცა, საბოლოო ჯამში, შეატოვეს რამდენიმე ადამიანი, რამდენიმე ორგანიზატორი და ყველა გაემიჯნა უცბად იმ დამხობის აქციას, რომელშიც თავად მონაწილეობდნენ, ეს აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის ამორალურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, პატიმრებთან დაკავშირებით ხელისუფლება მზად არის, სინანულისა და აღიარების შემთხვევაში მათ დანაშაული აპატიოს.

„როგორი ამორალური უნდა იყოს ხომ, კაცმა დაგიძახა, მიხვედი დამხობის აქციაზე, სცადე მასთან ერთად ხელისუფლების დამხობა და როგორც კი ჩავარდა ეს მცდელობა, მაშინვე ემიჯნები. ასეთი ამორალური ხალხია ეს რადიკალური ოპოზიცია. რაც შეეხება პატიმრებს, ჩვენი მიდგომა არის ცხადი, თუკი ვინმე მოინანიებს, აღიარებს, ჩვენ გვექნება შესაბამისი ზომები, ნაბიჯები გადაიდგმება, ჩვენ არავინ გვჭირდება საპატიმროში თუ ისინი მოინანიებენ. ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს ამ ადამიანებმა, სცადეს ხელისუფლების დამხობა, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ მზად ვართ სინანულის და აღიარების შემთხვევაში ვაპატიოთ მათ ეს დანაშაული და გავათავისუფლოთ. არიან ძალები, რომლებსაც უნდათ ესკალაცია, უნდათ პოლარიზაციის გაღრმავება, ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი“, - აღნიშნა პრემიერმა.