12 ოქტ 2026
პოეზიის დანიშნულებაზე, მკითხველთან კავშირზე, სამშობლოსა და სიყვარულის მნიშვნელობაზე პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გადაცემა „ახალი დილა-ში“ ისაუბრა.
ტარიელ ხარხელაურის თქმით, პოეზია სიტყვების სწორად დალაგების ხელოვნებაა, რომელიც სამყაროს ინდივიდუალური აღქმისა და ადამიანური განცდების გამოხატვის შესაძლებლობას ქმნის. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პოეტის სათქმელმა მკითხველამდე მიაღწიოს და მასში შესაბამისი ემოცია გააღვიძოს.
„სიტყვები სწორად უნდა დაალაგო, რომ ემოცია სწორად გადმოსცე. სამყაროს, რომელსაც თქვენ ხედავთ, მე ვერ ვხედავ და პირიქით,“ - აღნიშნა პოეტმა.
როგორ პოეტი აღნიშნავს, ის მადლიერია იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც შემოქმედებით გზაზე მიეცა.
„მადლობა უფალს, რომ კალამთან მისვლის ნება მომცა,“ - განაცხადა ტარიელ ხარხელაურმა.
პოეტმა მკითხველის მნიშვნელობაზე, უხილავ სამყაროსა და ტკივილის განცდაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პოეზიისთვის საზღვრები არ არსებობს, პოეტის სათქმელს კი სიცოცხლეს სწორედ მკითხველი აძლევს:
„შენი წუთისოფლის საყრდენი მკითხველია. შენ ხომ არავინ არა ხარ, თუ მკითხველმა არ მიგიღო. მე ამ მსახურებისთვის მზად ვარ. პოეზია იმ სამყაროს აღძრავს, რომელიც არ ჩანს. პოეზიისთვის საზღვრები არ არსებობს. არც აკრძალული თემები. პოეზია ტკივილისგან კი არ იბადება, პოეზიის არსია ტკივილი. შენ უნდა განიცადო. არ არის ადვილი ამ ტკივილის გადმოტანა, მაგრამ უნდა მოძებნო,“ - აღნიშნა პოეტმა.
პოეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც მკითხველი ეუბნება, რომ მისი ლექსები ტკივილთან ბრძოლაში დაეხმარა. ხარხელაურის თქმით, ასეთი გამოხმაურება მისთვის დიდი მადლიერების საფუძველია.
„როდესაც მივდივარ ქუჩაში და გამაჩერებს ადამიანი, მითხრას, რომ მადლობა, რომ შენ მასწავლე ტკივილთან ბრძოლა - ამაზე მეტი მადლობა რა გინდა,“ - განაცხადა პოეტმა.
ხარხელაურმა შემოქმედის პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა. მისი აზრით, პოეტმა საკუთარი თავი დასრულებულ შემოქმედად არ უნდა მიიჩნიოს, რადგან ამან შესაძლოა განვითარება შეაჩეროს.
„როგორც კი დაიჯერებ, რომ შენ პოეტი ხარ, იმ დღესვე ვარდნა იწყება შენთვის და აღარ ვითარდები,“ - თქვა მან.
ტარიელ ხარხელაურმა სიყვარულის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სიყვარული ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს და დღის ბოლოსაც სწორედ მას უნდა დაუბრუნდეს ადამიანი ფიქრით.
„ღმერთმა ერთი დღე არ დამაღამებინოს, სიყვარულის გარეშე დავიძინო. ჩემი საღამოს საგზალი და საფიქრალი სიყვარული უნდა იყოს,“- აღნიშნა პოეტმა.
ტარიელ ხარხელაურმა სიცოცხლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ცხოვრების ხანგრძლივობაზე მეტად მისი ხარისხია მნიშვნელოვანი.
„ჩემთვის სიცოცხლის ხანგრძლივობა არაა საინტერესო, ჩემთვის სიცოცხლის ხარისხია საინტერესო,“ - განაცხადა ხარხელაურმა.
ხარხელაური სამშობლოს ცნებასაც შეეხო და ყურადღება ადამიანების როლზე გაამახვილა. მისი თქმით, სამშობლო ადამიანების გარეშე წარმოუდგენელია, რადგან სწორედ ისინი ქმნიან მის არსს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ მას.
განსაკუთრებული ემოციით ისაუბრა აჭარაზეც. პოეტის თქმით, როცა ადამიანს სამშობლო ენატრება და ეჩვენება, რომ მშობლიური კუთხე ძველ იერს კარგავს, აჭარაში უნდა ჩამოვიდეს, რათა საკუთარი თვალით დაინახოს, როგორ უყვართ აქ ქვეყანა - მთელი გულით და ტკივილამდე.
გადაცემის დასასრულს ტარიელ ხარხელაურმა ლექსი „მანძილი შენამდე დიდია“ წაიკითხა. პოეტმა მადლობა გადაუხადა აჭარის ტელევიზიას შესაძლებლობისთვის, რომ თავისი სათქმელი არა მხოლოდ აჭარის, არამედ მთელი საქართველოს მაყურებლისთვის გაეზიარებინა.