12 ოქტ 2026
სახელმწიფოს მხრიდან გაცხადებულია პოლიტიკა, რომ ის, ვინც აღიარებს დანაშაულს, აიღებს პასუხისმგებლობას, გააცნობიერებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილს, სახელმწიფო მათ ჰუმანურობის მაქსიმალური გამოვლინებით მოეპყრობა. სჯობს, ახლა აღიარონ, ვიდრე გაჯიუტდნენ თავის დანაშაულში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სადაც იქნება სინანული, იქ იქნება შენდობის მაქსიმალური გამოვლენა.
„ორმა პატიმარმა გამოთქვა საპროცესო შეთანხმების სურვილი და მიმართეს პროკურატურას, ვნახოთ, რა შედეგები იქნება. ეს აღიარებები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რასთან გვქონდა საქმე. ხელისუფლების დამხობის გარედან ინსპირირებული მცდელობა იყო, განსაკუთრებით გვაჩვენებს, როდესაც ორგანიზატორები მიდიან საპროცესო შეთანხმებაზე, ითხოვენ მოწყალებას, აჩვენებს, რა ხალხთან გვაქვს საქმე. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების ძალიან გააზრებული მოქმედება რომ არა, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების, პოლიციის მაშინდელი გმირული მოქმედება რომ არა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად დაიცვეს პრეზიდენტის სასახლე, მთლიანად ქვეყანა, საქართველო იდგა 90-წლებში დაბრუნების ზღვარზე. რა უბედურება დატრიალდებოდა ამ ქვეყანაში, რა სისხლი დაიღვრებოდა, როგორი დაპირისპირება დაიწყებოდა, ნანახი გვაქვს 90 წლებში და ზუსტად ვიცით, რა შეიძლება, მომხდარიყო. ამ ადამიანებმა ამისთვის გაწირეს ქვეყანა, ხალხი და დღეს იმის გამო, რომ სუსტი ნებისყოფა აქვთ, ითხოვენ მოწყალებას და ციხის დატოვებას. სახელმწიფოს მხრიდან გაცხადებულია პოლიტიკა, რომ ის, ვინც აღიარებს დანაშაულს, აიღებს პასუხისმგებლობას, გააცნობიერებს, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილს, სახელმწიფო მათ ჰუმანურობის მაქსიმალური გამოვლინებით მოეპყრობა. სჯობს, ახლა აღიარონ და იქნება შესაძლებლობა, საზოგადოებამ დაინახოს, რომ იაზრებენ, რა სამარცხვინო საქციელს ჰქონდა ადგილი 4 ოქტომბერს, ვიდრე გაჯიუტდნენ თავის დანაშაულში. ყველას მხოლოდ მოვუწოდებ, საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული მოინანიონ, სადაც იქნება სინანული, იქ იქნება შენდობის მაქსიმალური გამოვლენა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.