ვარშავის კინოთეატრ „ილუზიონში“ ქართული მულტიპლიკაციური ფილმების ჩვენება მოეწყო

12 ოქტ 2026

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ანიმაციური ფილმები ვარშავაში, პოლონეთის ეროვნული აუდიოვიზუალური ინსტიტუტის (FINA) მიერ ორგანიზებულ ანიმაციების მე-3 საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

კრაკოვის ანიმაციური ფილმების სტუდიის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ვარშავის კინოთეატრ „ილუზიონში“ (Kino Iluzjon) სპეციალური სექცია — „ქართული ანიმაციური ფილმები ბავშვებისთვის“ მოეწყო.

კინოჩვენებაზე მაყურებელმა იხილა ქართული მულტიპლიკაციური ფილმები: „სამი მეზობელი“ (1966, რეჟისორი ვახტანგ ბახტაძე), „ბრაკონიერები ფათერაკებში“ (1974, რეჟისორი გოგი კასრაძე), „ყურშა გაყოყოჩდა“ (1984, რეჟისორი გაბრიელ ლავრელაშვილი), „ლოკოკინა“ (1986, რეჟისორი ვახტანგ ბახტაძე) და „სანუკვარი ოცნება“ (1989, რეჟისორი კონსტანტინე მაცაბერიძე).

35-მილიმეტრიანი ფირებიდან საქართველოს ეროვნულ არქივში ციფრულ ფორმატში გადატანილი და აღდგენილი ფილმები ქართულ ენაზე, პოლონური სუბტიტრებით აჩვენეს.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე პოლონეთის ეროვნული აუდიოვიზუალური ინსტიტუტის წარმომადგენლებს, ჯოანა პოგორზელსკასა და მიხალ მროზს, შეხვდა და მათთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 4-8 ნოემბერს FINA-ს მიერ ორგანიზებულ უხმო ფილმების ფესტივალზე, კინოთეატრ „ილუზიონში“, საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ და ციფრულად რესტავრირებულ დოკუმენტურ ფილმს „დილის 10 წუთი“ აჩვენებენ.