ნინო გორგილაძე: დედის რძის ბანკი ბათუმშია, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში მიწოდებას ნებისმიერ წერტილში უზრუნველვყოფთ

12 ოქტ 2026

საქართველოში დედის რძის პირველი ბანკი იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ბაზაზე ფუნქციონირებს. ბანკი დონორის რძის შეგროვებას, უსაფრთხოების შემოწმებას, პასტერიზაციასა და საჭიროების შემთხვევაში ჩვილებისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს. პროექტის მუშაობის, რძის უსაფრთხოების სტანდარტებისა და მიწოდების პროცედურების შესახებ ჰოსპიტლის დირექტორმა, ნინო გორგილაძემ, გადაცემაში „ახალი დილა“ ისაუბრა.

მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დედის რძის ბანკი ბათუმში მდებარეობს, მომსახურება მხოლოდ ქალაქით არ შემოიფარგლება. მოთხოვნის შემთხვევაში, რძის მიწოდება სხვა გეოგრაფიული მდებარეობიდანაც არის შესაძლებელი.

„ჩვენი ჰოსპიტალი არის პირველი, როგორც ვიცით, საქართველოში… ბანკი განთავსებულია ჰოსპიტლის ტერიტორიაზე, თუმცა ჩვენ მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერი გეოგრაფიული მდებარეობიდან უზრუნველვყოფთ ბანკიდან რძის მიწოდებას“, - აღნიშნა ნინო გორგილაძემ.

ჰოსპიტლის დირექტორის თქმით, დონორის რძე ბანკში მოხვედრამდე რამდენიმე ეტაპს გადის. პროცესი დონორის შერჩევით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებითა და სკრინინგით იწყება. ამის შემდეგ ხდება რძის შეგროვება და მისი ბაქტერიოლოგიური შემოწმება.

„პირველი ეტაპი არის დონორის რეკრუტირება, მისი შემოწმება, ჯანმრთელობის სკრინინგი და უკვე შემდგომ რძის შეგროვება. რძე გადის ორეტაპიან ბაქტერიოლოგიურ კვლევას, უსაფრთხოების მაქსიმალურ გარანტიას კი პასტერიზაცია იძლევა“, - განაცხადა გორგილაძემ.

მისივე განმარტებით, პასტერიზაციის შემდეგ რძე განმეორებით მოწმდება ბაქტერიოლოგიურად. ბანკში რძე მხოლოდ მას შემდეგ ინახება, რაც მისი უსაფრთხოება დადასტურდება. საჭიროების შემთხვევაში, მისი გაცემა ექიმის დანიშნულების შესაბამისად ხდება.

„პასტერიზაციის შემდგომ ხდება ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დავრწმუნდებით, რომ რძე არის უსაფრთხო, ის ინახება ბანკში. მოთხოვნის შემთხვევაში, ექიმის დანიშნულების შესაბამისად, ბანკი უზრუნველყოფს მის ადგილზე მიტანას ცივი ჯაჭვის პრინციპი. როგორც ჩვენსავე განყოფილებაში, ასევე საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე, შენახვის ვადების და ტემპერატურული რეჟიმის სრული დაცვით", - აღნიშნა ჰოსპიტლის დირექტორმა.

ნინო გორგილაძემ დონორი დედების როლზეც ისაუბრა. მისი თქმით, დედები რძეს უანგაროდ აბარებენ და ამით მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ იმ ჩვილებს, რომლებსაც დედის რძე სჭირდებათ.

„ნამდვილად ეს არის უანგარო ნაბიჯი დედებისგან, რომლებიც არიან დონორები და ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებენ იმისათვის, რომ გადაარჩინონ პატარების სიცოცხლე და გვყავდეს ჯანსაღი თაობა“, - განაცხადა ნინო გორგილაძემ.

ამასთან აღნიშნა, რომ დონორი დედების აქტიური ჩართულობა და უანგარო მხარდაჭერა გადამწყვეტია იმისთვის, რომ კრიტიკულად საჭირო კვება ყველა იმ ჩვილამდე მივიდეს, ვისთვისაც ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.