12 ოქტ 2026
საქართველოში დედის რძის პირველი ბანკი იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ბაზაზე ამოქმედდა. ის პირველია ამიერკავკასიაში და ერთეულია პოსტსაბჭოთა სივრცეში. პროგრამა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით ხორციელდება.
პროექტის მნიშვნელობაზე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა გადაცემაში "ახალი დილა" ისაუბრა.
მისი თქმით, დედის რძის ბანკის ამოქმედება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც პროექტის იდეიდან მის განხორციელებამდე პროცესში მონაწილეობდა.
შავიშვილის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ პროგრამა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.
„ერთობლივად ვაკეთებთ, ეს პროგრამა გახლავთ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ დაკვეთილი პროგრამა და ვიმედოვნებთ, რომ გაშლის კიდევ უფრო მეტ ფრთებს“, - აღნიშნა რუსუდან შავიშვილმა.
მისივე თქმით, დონორი დედები რძეს უანგაროდ აბარებენ, რათა დაეხმარონ იმ ჩვილებს, რომლებსაც დედის რძე განსაკუთრებით ესაჭიროებათ.
„მთავარი ის არის, რომ დონორი დედა არის ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად უანგაროდ მოდის რძის ჩასაბარებლად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მას არანაირი ბენეფიტი არა აქვს, გარდა იმისა, რომ იცის, რომ მისი გაღებული რძე მივა ისეთ ბავშვამდე, რომელსაც ამას განსაკუთრებულად ესაჭიროება“, - განაცხადა შავიშვილმა.
რუსუდან შავიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დედის რძის ბანკისა და დონორობის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია, რაც შეიძლება მეტმა ქალმა მიიღოს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჭარბი ლაქტაცია აქვს.
„აუცილებლად გავიტანოთ ეს ინფორმაცია, რომ იცოდეს ადამიანმა, ქალმა, დედამ, რომელსაც აქვს ჭარბი ლაქტაცია. მან უნდა გადადგას არაჩვეულებრივი, კარგი მისაბაძი, სასურველი ნაბიჯი ამ მიმართულებით“, - აღნიშნა რუსუდან შავიშვილმა.
რუსუდან შავიშვილის განმარტებით, დედის რძის ბანკის პროექტი სწორედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და დონორი დედების აქტიურ ჩართულობას ეფუძნება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საჭიროების მქონე ახალშობილებმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კვება დროულად მიიღონ.