გიორგი ვოლსკი საფრანგეთისა და ბელგიის მოვლენებზე: პოლიციასა და პროტესტის გამომხატველ ხალხს შორის დაპირისპირება ხანდახან გადადის ბრუტალურ ზომებში პოლიციის მხრიდან, მაგრამ ეს არასდროს არავისთვის არ ყოფილა საყურადღებო ევროკავშირის ფორმატში

11 ოქტ 2026

რატომ არ გმობს ბრიუსელი საფრანგეთსა და ბელგიაში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებსა და ძალოვნების სისასტიკეს? — ეს კითხვა „ქართულ ოცნებას“ აინტერესებს. ევრობიუროკრატიის დუმილი მმართველი გუნდისთვის ორმაგი სტანდარტისა და უსამართლო დამოკიდებულების მორიგი დადასტურებაა.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ ევროპელი ლიდერები ევროპაში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს განსხვავებული სტანდარტებით აფასებენ.

„ყველამ კარგად იცის, რომ ძალადობა, არა მარტო ამ შემთხვევაში, რაც საფრანგეთში, ბელგიაში, ესპანეთში, ევროპის სხვა ქალაქებში ხდება, არამედ, ზოგადად, მთლიანად არის ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც პოლიცია უპირისპირდება პროტესტის გამომხატველ ხალხს.

ხანდახან ეს დაპირისპირება გადადის ბრუტალურ ზომებში, რასაც პოლიცია იღებს, მაგრამ არავისთვის არასოდეს ეს არ ყოფილა საყურადღებო ევროკავშირის ფორმატში, არასოდეს. ლაპარაკი იმაზე, რომ თავისივე წახალისებული ახალგაზრდების დაპირისპირებას კანონი დაუპირისპირდა, რასაკვირველია, ეს უკვე ჩვეულებრივი ყოველდღიური მოვლენაა, რომ თურმე პოლიტიკური ნიშნით არის ადამიანების დაკავება და არა იმისათვის, რომ ცეცხლი გააჩინეს შუა რუსთაველზე და „მოლოტოვის კოქტეილებით“ მოუნდომეს ადამიანის, ამ შემთხვევაში პოლიციელის, დაწვა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.