„ბათუმმა“ „ახალციხე“ დაამარცხა და ლიდერებს შორის ადგილი შეინარჩუნა

11 ოქტ 2026

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ სუპერლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ბუბა ბერიშვილის გუნდი მეორე ტურის შეხვედრაში სუპერლიგის დებიუტანტ „ახალციხეს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 75:70 იმარჯვა.

ბათუმელებს გიორგი ოჩხიკიძემ ულიდერა. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა შეხვედრა 21 ქულით, 6 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი ჯამირ ჰარისი იყო, რომელმაც 16 ქულა დააგროვა.

ორი ტურის შემდეგ „ბათუმსა“ და „კავკასიას“ 4-4 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.

მომდევნო ტურში სწორედ ლიდერთა დაპირისპირება შედგება - ბუბა ბერიშვილის გუნდი 24 ოქტომბერს „კავკასიას“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.