10 ოქტ 2026
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, ევროპის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პაველ ჰერჩინსკი ამბობს: "ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს - ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს".
გაბუნიამ ჰერჩინსკის უპასუხა და განაცხადა, რომ ქართული მუსიკა და კულტურა მარადიულ ღირებულებებს, თავისუფლებასა და ღმერთისა და სამშობლოსადმი თავდადებას ეფუძნება, ამიტომ მისი თქმით, რთულია ესაუბროთ ერს, რომელსაც ასეთი ღირებულებები აქვს, ასე უყვარს თავისუფლება და არასდროს დაუშვებს ღირსების შელახვასა და უპატივცემლობას:
"ქართული ხალხური სიმღერა მსოფლიო მუსიკალური კულტურის გამორჩეული საგანძურია და იგი ასევე სიმბოლოა ქართველთა ერთიანობისა და თავისუფლებისადმი განუზომელი სიყვარულისა.
ქართულ პოლიფონიურ მუსიკას სჭირდება თავისუფალი აზროვნება და არ უყვარს და ვერ ეგუება რადიკალურ შეხედულებებსა და შეზღუდვებს.
ვერ იმღერებ ისეთ მომღერალთან ვინც არ გიყვარს და პატივს არ სცემ, არ მიგაჩნია შენს სწორად და თანაბარი რანგის პარტნიორად.
ქართული მუსიკა ისევე როგორც ჩვენი კულტურა დაკავშირებულია მარადიულ ღირებულებებთან ღმერთისა და სამშობლოსადმი თავდადებასთან, ადამიანის სიყვარულთან, ერთგულებასთან, ჭირსა თუ ლხინში მეგობრისადმი თანადგომასთან და საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ქართველები სწორედ ამ ღირებულებებით ვსაზრდოობთ.
ახლა კი წარმოიდგინეთ რამდენად რთულია თქვენთვის გაუგოთ და ესაუბროთ ერს, რომელსაც ასეთი ღირებულებები აქვს, ასე უყვარს თავისუფლება და არასდროს დაუშვებს ღირსების შელახვასა და უპატივცემლობას,"- წერს გიორგი გაბუნია.