10 ოქტ 2026
თურქეთში სამართლის საერთაშორისო სამიტი დასრულდა. სამიტს 50-მდე ქვეყნის იუსტიციის მინისტრები, მოსამართლეები, ადვოკატები, საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორდღიანი ღონისძიების შედეგები თურქეთის იუსტიციის მინისტრმა შეაჯამა.
სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. სამიტის დახურვის ცერემონიალზე მან მონაწილეებს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი დისკუსიისათვის და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას სამართლებრივი სისტემებისა და ინსტიტუციების ეფექტიანობისათვის.
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრები გამართა ალბანეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრთან და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან.
საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, აგრეთვე საქართველოში მიმდინარე რეფორმებს ადამიანის უფლებების, სერვისების ხელმისაწვდომობის, ციფრული ტრანსფორმაციის, პენიტენციური და პრობაციის სისტემების მიმართულებით.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია.