10 ოქტ 2026
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში ტრეფიკინგის შესახებ, რომელშიც საქართველო ლიდერ პოზიციაზეა - მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების საკითხია.
სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ადამიანით ვაჭრობის აღმოფხვრის სტანდარტებს და აგრძელებს თანმიმდევრულ ბრძოლას ამ დანაშაულის წინააღმდეგ. უკვე 11 წელია, რაც საქართველო მოწინავე პოზიციას არ თმობს, რეგიონში ერთადერთია და ევროკავშირის სხვა ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, აღნიშნული მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო სამართალდაცვითი სტრუქტურის ძალიან ღირსეული წევრია.
"ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, უკვე წლებია ჩვენ ლიდერის პოზიციას ვიკავებთ. არამხოლოდ ტრეფიკინგთან, ასეთივე ლიდერი პოზიცია გვაქვს ტერორიზმთან ბრძოლის და სხვა საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის საკითხებშიც. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ამ საერთაშორისო სამართალდაცვითი სტრუქტურის და გაერთიანების ძალიან ღირსეული წევრები და პარტნიორები ვართ. ამას კი, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვამტკიცებთ,"- აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
სახელმწიფო დეპარტამენტი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში კონკრეტული ქვეყნების ძალისხმევას, რამდენიმე კრიტერიუმით აფასებს.
საქართველო ლიდერია, დანაშაულის პროაქტიური გამოვლენისა და გამოძიების კუთხით, დადებითად ფასდება მსხვერპლთა მხარდაჭერის მექანიზმები, მათ შორის ზიანის ანაზღაურების პრაქტიკა.