ფსიქოლოგი სოფო ჩინბა: ბევრი ანიმაცია ისეა შეფუთული, რომ ბავშვს რეალობისგან განსხვავებულ აღქმებს და ემოციებს უყალიბებს

09 ოქტ 2026

გადაცემაში "შეხვედრის დრო" ფსიქოლოგმა სოფო ჩინბამ, პატარებსა და მოზარდებზე ანიმაციური გმირების გავლენაზე ისაუბრა.

ფსიქოლოგი განმარტავს, რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ანიმაციების ყოველდღიურ ყურებას ბავშვების განვითარებაზე.

"ანიმაციას პრაქტიკაშიც სიამოვნებით ვიყენებ და თავადაც ვუყურებ ხოლმე, თუმცა ხშირად მშობლები ვერ აკონტროლებენ, რამდენ დროს ატარებს ბავშვი ეკრანთან და რას უყურებს.

პრაქტიკაში მქონდა შემთხვევა, როდესაც პატარა პაციენტმა მითხრა, ხელს თუ გაიჭრიდა, მწვანე სისხლი წამოუვიდოდა. მას ამის გამოცდა აინტერესებდა. რა თქმა უნდა, ამაზე ვისაუბრეთ და საკითხი განვიხილეთ.

ბევრი ანიმაცია ისეა შეფუთული, რომ ბავშვს რეალობისგან განსხვავებულ ემოციებსა და აღქმებს უყალიბებს. მაგალითად, ყველასთვის ცნობილ ანიმაციაში "ტომი და ჯერი", როდესაც ტომი, ჯერის ტაფას ურტყამს, მაყურებელი იცინის. არადა, ყველამ ვიცით, რომ დარტყმა ცოცხალ არსებას ტკივილს აყენებს. სხვადასხვა ასაკში ბავშვების მიმღებლობა განსხვავებულია. ის, რასაც 7-8 წლის ბავშვი ან მოზარდი უყურებს, არ უნდა შევთავაზოთ 3-4 წლის პატარას.

მშობლები ყოველდღიურ რუტინაში ჩართულობის გამო ხშირად ვერ ახერხებენ შვილებისთვის სათანადო ყურადღების მიქცევას. დღეს კი ბავშვებისთვის ნებისმიერი ანიმაცია და ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომია.

ზოგიერთი ბავშვი იმდენად განიცდის და ითავისებს ანიმაციური გმირის ემოციებს, რომ მათ რეალურ ცხოვრებაშიც გადმოაქვს და პერსონაჟის თვისებებით იწყებს ცხოვრებას. მქონდა შემთხვევა, როდესაც ბავშვი თვითდაზიანების მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა. საუბრის შემდეგ კი აღიარა, რომ საყვარელ პერსონაჟს ჰბაძავდა.

როდესაც მოზარდი ძალადობის ამსახველ კონტენტს უყურებს, არსებობს რისკი, რომ მომავალში თავადაც მოძალადედ ჩამოყალიბდეს. ამიტომ ამ პროცესში, ფსიქოლოგთან ერთად, მშობლების ჩართულობაც აუცილებელია.“ - განაცხადა სოფო ჩინბამ.