კოტე მჟავია: ახალი სეზონის პირველი შეხვედრა 24-25 ოქტომბერს შედგება, ბათუმის დრამატული თეატრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერაა 

09 ოქტ 2026

ბათუმის დრამატული თეატრი ახალ, 148-ე შემოქმედებით სეზონს იწყებს. ამ თემასთან დაკავშირებით გადაცემაში "შეხვედრის დრო" დრამატული თეატრის დირექტორმა კოტე მჟავიამ ისაუბრა.

თეატრის დირექტორის, კოტე მჟავიას განცხადებით, გასული სეზონი საკმაოდ დატვირთული და პროდუქტიული იყო, თუმცა, შემოქმედებითი დასი ტემპის დაგდებას არ აპირებს და ახალ სეზონზე კიდევ რამდენიმე პრემიერასა და სრულიად ახალ დადგმებს შემოგვთავაზებს.

"გასული სეზონი საკმაოდ დატვირთული და პროდუქტიული იყო, მაყურებელმა ათი ახალი პრემიერა იხილა. შემოქმედებითი დასი ტემპის შენელებას არც ახალ სეზონზე აპირებს და მაყურებელს სრულიად ახალ დადგმებს სთავაზობს.

ახალი სეზონის პირველი შეხვედრა ბათუმელ მაყურებელთან 24-25 ოქტომბერს, სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ შედგება. შემდეგ ,,სახლი ღრუბლებში'', ,,მატარებელი უკვე გავიდა'',  ,,ანა ფრანკის დღიური'', „ა“-ს დღიურები'', ,,რეისი LP 43-20'', ,,უხერხემლო'', ,,გოდოს მოლოდინში'', ,,ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან'', ,,მეტამორფოზა''.  

რეჟისორი ანდრო ენუქიძე მაყურებელს სპექტაკლს „რეისი LP 23/40“ წარუდგენს. დადგმა ცნობილი რუმინელი დრამატურგის, ლუჩიან ბალეანუს პიესას „მოდარაჯე ძაღლები“ ეფუძნება. ბათუმურ პრემიერას საპატიო სტუმრის სტატუსით თავად პიესის ავტორიც დაესწრება, რომელსაც ქართული ვერსიის ნახვა პირადად სურს.

ახლო მომავალში ბათუმის სცენაზე დადგმას განახორციელებს ცნობილი რეჟისორი ანდრი ჟოლდაკი, რომელიც ალექსანდრე დიუმას ისტორიულ დრამას - „ნესლის კოშკი“ წარმოადგენს. ამის შემდეგ კი შემოგვიერთდება რეჟისორი საბა ასლამაზაშვილი სპექტაკლით „მიზანთროპი“.

კლასიკური ნაწარმოებების შემდეგ, თეატრის რეპერტუარში კვლავ თანამედროვე პიესები დაიკავებენ ადგილს. თეატრი იდუმალი სამყაროა, რომელიც თავად პოულობს ბალანსს თანამედროვეობასა და კლასიკის შერწყმას შორის.''- განმარტა კოტე მჟავიამ.

მისი თქმით, ბათუმის დრამატული თეატრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერაა.

"ბათუმის დრამატული თეატრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერაა. ჩემი ნდობა ახალგაზრდა მსახიობებისა და რეჟისორების მიმართ ძალიან მაღალია. გასულ სეზონში 10-12 შტატგარეშე ახალგაზრდა მსახიობს მიეცა შესაძლებლობა, მჭიდროდ დაკავშირებოდა თეატრს და თავი გაეცნო მაყურებლისთვის. სურვილი გვაქვს მომავალი სეზონიდან დასში 5 ახალგაზრდა მსახიობის ოფიციალურად მიღება.

ანალოგიური მიდგომა მაქვს თეატრის ახალგაზრდა რეჟისორებთან. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს სამ ახალგაზრდა შემოქმედთან, რომლებიც სპექტაკლებს მცირე და ექსპერიმენტულ სცენებზე დადგამენ. თეატრი მზად არის, გახდეს პლატფორმა სრულიად დამწყები სტუდენტებისთვისაც კი. ხულოში გამართულ ფესტივალზე, ჟიურის წევრი გახლდით, აღმოვაჩინე ნიჭიერი პირველკურსელი სტუდენტი, რომელსაც ბათუმის თეატრის საექსპერიმენტო სცენას საკურსო თუ სადიპლომო სპექტაკლის დასადგმელად სრულად დავუთმობ. ახალგაზრდებს უნდა მივცეთ ყველა შანსი,“ -აცხადებს კოტე მჟავია.