09 ოქტ 2026
„საქართველოს ფოსტაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, „საქართველოს ფოსტა“ წლების განმავლობაში წამგებიანი ორგანიზაცია იყო, წელს კი პირველად გავა მოგებაზე. რაც შეეხება დაწყებულ გამოძიებას, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს შესაბამისი უწყების კომპეტენციაა.
„საქართველოს ფოსტაში“ გასული წელი დაიხურა 7 მლნ-იანი წაგებით და წელს, კეთილსინდისიერი და სწორი მენეჯმენტის პირობებში, პირველად გავა ფოსტა მოგებაზე, ეს ტენდენცია შენარჩუნდება და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მომდევნო წლების განმავლობაში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „საქართველოს ფოსტა“ წლების განმავლობაში წამგებიანი ორგანიზაცია იყო, თუმცა მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ პროცესები რადიკალურად შეიცვალა.
„გამოძიება არის საგამოძიებო უწყებების საქმე. ჩვენი საქმე არის ის, რომ რადიკალურად გავზარდეთ „საქართველოს ფოსტის“ მოგება. „საქართველოს ფოსტა“ წლების განმავლობაში იყო წამგებიანი ორგანიზაცია და მას შემდეგ, რაც შეიცვალა მენეჯმენტი, ბატონი ერაძე დაინიშნა ხელმძღვანელად, რადიკალურად შეიცვალა პროცესები „საქართველოს ფოსტაში“. ამან ფოსტას მოუტანა დამატებით მრავალმილიონიანი როგორც დანაზოგი, ისე ახალი შემოსავლები. შესაბამისად, წელს პირველად გადის „საქართველოს ფოსტა“ მოგებაზე. გასული წელი დაიხურა, წარმოიდგინეთ, 7 მლნ-იანი წაგებით. წელს „საქართველოს ფოსტა“, კეთილსინდისიერი და სწორი მენეჯმენტის პირობებში, პირველად გავა მოგებაზე, ეს ტენდენცია შენარჩუნდება და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მომდევნო წლების განმავლობაში“, – აღნიშნა კობახიძემ.