09 ოქტ 2026
ანსამბლ „ქართული ხმების“ 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი დღეს, 9 ოქტომბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე გაიმართება. საიუბილეო საღამოზე ანსამბლი თბილისის „ჯაზ ბიგ ბენდთან“ ერთად წარდგება.
გადაცემა „ახალ დილაში“ ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტმა თემურ ჭკუასელმა კოლექტივის განვლილ გზაზე, ოთხი ათწლეულის მოგონებებსა და ბათუმთან განსაკუთრებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ოთხი ათწლეულის განმავლობაში ანსამბლის წევრებს ბევრი სიხარულიც ახსოვთ და რთული პერიოდებიც გაუვლიათ. მომღერალმა გაიხსენა წლები, რომლებიც ანსამბლის წევრებთან ერთად გაატარა, და სიმღერა ამ წლებთან დაკავშირებულ ემოციებს დაუკავშირა.
„სიმღერა არის, როგორც ლამაზი ქალბატონი, რომელსაც უამრავი სიხარული მოაქვს შენთვის და თან მრავალი ტკივილიც და გულდაწყვეტაც. მაგრამ ასეა ზუსტად სიმღერაც და ამ ცხოვრებაში 40 წელს რომ გაივლი და 40 წლის შემდეგ უკან მოიხედავ, რა თქმა უნდა, უამრავი რამ გახსენდება“, - აღნიშნა მომღერალმა.
მომღერალმა ანსამბლის ისტორიაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ საიუბილეო კონცერტზე მაყურებელი 40 წლის წინ გადაღებულ კადრებსაც ნახავს. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა წარსულის მოგონებები კვლავ განსაკუთრებულია.
როგორც მომღერალმა აღნიშნა, ანსამბლს ბათუმთან დიდი ხნის განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს. ჭკუასელმა მადლობა გადაუხადა აჭარის კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიას კონცერტის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის.
„ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ამ ქალაქთან და ამ ქალაქის მესვეურებთან. და როცა ვსარგებლობ შემთხვევით, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის კულტურის სამინისტროს, ბათუმის მერიას. ის, რაც დღეს სწორედ მათი დამსახურებაა“, - აღნიშნა მომღერალმა.
საუბრისას თემურ ჭკუასელმა მაყურებლის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბათუმელ მსმენელს კონცერტზე აქტიურობისკენ მოუწოდა.
„კონცერტი მაყურებლის გარეშე, რა თქმა უნდა, უაზრობაა. და ჩვენს ნამღერს, მე პირდაპირ გამოვაცხადებ სცენიდან, თუ გინდათ, რომ კარგად ვიმღეროთ, დაუკარით ტაში - ბევრი ტაში! იმიტომ რომ ეს მაგრად გვახალისებს და მერე უკვე უფრო მონდომებით ვმღერით“, - მიმართა მსმენელს თემურ ჭკუასელმა.
ჭკუასელმა ანსამბლის გარდაცვლილი წევრებიც გაიხსენა, რომელთა ხსოვნასაც საიუბილეო საღამოზე პატივს მიაგებენ. მისი თქმით, კონცერტის პროგრამა სამ ნაწილად არის დაყოფილი: პირველ და დასკვნით ნაწილებში „ქართული ხმები“ თბილისის „ჯაზ ბიგ ბენდთან“ ერთად წარდგება, შუა ნაწილი კი ხალხურ სიმღერებსა და ორკესტრის გარეშე შესრულებულ ნაწარმოებებს დაეთმობა.
საღამოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი კომპოზიციის პრემიერა იქნება. კონცერტზე ასევე შესრულდება რევაზ ლაღიძის, გოგი ცაბაძისა და ჯანსუღ კახიძის სიმღერები.
ანსამბლ „ქართული ხმებისთვის“ 40-წლიანი ისტორია მეგობრობას, საერთო მოგონებებსა და ქართულ სიმღერასთან გატარებულ წლებს უკავშირდება.