დინი ვირსალაძე „ქართულ ხმებთან“ თანამშრომლობაზე: მთავარი საიდუმლო სიყვარული, სტაბილური შრომა და მეგობრობაა 

09 ოქტ 2026

ანსამბლ „ქართული ხმების“ 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი დღეს, 9 ოქტომბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე გაიმართება. საიუბილეო საღამოზე ანსამბლი თბილისის „ჯაზ ბიგ ბენდთან“ ერთად წარდგება.

გადაცემა „ახალ დილაში“ მუსიკოსმა და პიანისტმა დინი ვირსალაძემ „ქართულ ხმებთან“ თანამშრომლობის გამოცდილებასა და კონცერტისთვის მზადების პროცესზე ისაუბრა.

მისი თქმით, ანსამბლთან ერთობლივი გასტროლების გამოცდილება უკვე აქვს და ბათუმში დაგეგმილი საიუბილეო კონცერტი მათი პირველი ერთობლივი გამოსვლა არ იქნება.

მუსიკოსმა ანსამბლის მრავალწლიანი წარმატების მთავარ ფაქტორებზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ქართული მუსიკალური მემკვიდრეობისადმი სიყვარული, რეგულარული შრომა და ანსამბლის წევრებს შორის მეგობრობა ის მნიშვნელოვანი საფუძვლებია, რომლებმაც „ქართული ხმების“ შემოქმედებითი გზა განსაზღვრა.

„პირველი, იცით, სიყვარული იმ საგანძურის მიმართ, რაც გაგვაჩნია, და ისეთი მიდგომა - ძალიან სერიოზული მუშაობა ამაზე სტაბილურად და რეგულარულად… და მეგობრობა. ისე მიხარია ხოლმე, როდესაც ვხედავ ამ ბატონების მეგობრობას, ემოციებს“, - აღნიშნა დინი ვირსალაძემ.

მისი თქმით, ანსამბლის წევრებს შორის არსებული მეგობრობა სცენაზეც განსაკუთრებულ ემოციურ კავშირს ქმნის.

„მერე უკვე სცენაზეც მაინც სულ სხვა სისხლსავსება ხდება, როდესაც შენი ახლობელია. ახლა მე თვითონ ხომ ვიცი, როცა ვმოგზაურობ და მიწევს ისეთ ადამიანებთან დაკვრა, საერთოდ რომ არც მინახავს და ზოგჯერ ურეპეტიციოდ… ახლა პროფესიონალი ხარ და შეგეძლოს ესეც, ისიც, მაგრამ ეს უკვე სხვა არის, შენიანებთან ერთად რომ ხარ - ემოციური ბმა არის, რასაკვირველია“, - განაცხადა მუსიკოსმა.

დინი ვირსალაძემ კონცერტისთვის მზადების პროცესზეც ისაუბრა. მისი თქმით, განსაკუთრებით საინტერესოა ახალი ნაწარმოებების შერჩევა, მომზადება და რეპეტიციები, როდესაც მუსიკალური მასალა საბოლოო სახეს იღებს.

„იცით რა, მე პირადად ძალიან მიყვარს ეს სამუშაო პროცესი, როცა რაღაცას ახალს ვარჩევთ, ვემზადებით, ვსწავლობთ… მერე უკვე ჯერ ორკესტრი მუშაობს მასალაზე, ახალ მუსიკალურ ტექსტზე და მერე უკვე მოდის სოლისტი. ამ შემთხვევაში სოლისტი არის „ქართული ხმები“ და მერე უკვე ერთობლივი რეპეტიციები იწყება, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ უკვე შედეგს… უკვე გესმის ის, რასაც გულისხმობ ჩვენი ცალკე რეპეტიციების დროს“, - აღნიშნა მან.

მუსიკოსის თქმით, ერთობლივი რეპეტიციების დროს ნაწარმოები სრულყოფილ ჟღერადობას იძენს, გენერალური რეპეტიცია კი მზადების პროცესის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეტაპია. ვირსალაძემ ისიც აღნიშნა, რომ კონცერტის წინ ღელვა გარდაუვალია.

მან „ქართულ ხმებთან“ თანამშრომლობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობად და პატივად შეაფასა. როგორც მუსიკოსმა აღნიშნა, ანსამბლთან მას დიდი სიყვარული აკავშირებს, ერთობლივი მუშაობა კი მისთვის მნიშვნელოვანი შემოქმედებითი გამოცდილებაა.

ბათუმში დაგეგმილი საიუბილეო კონცერტის პროგრამა „ჯაზ ბიგ ბენდთან“ ერთად შესრულებულ კომპოზიციებსა და სხვა მუსიკალურ ნომრებს გააერთიანებს.